ქათმისხეურა
ქათმისხეურა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში ჰერეთიდან.
სახელწოდება მიღებული აქვს ისტორიული ჰერეთის სოფელ ქათმისხევიდან (ამჟამინდელი ალიბეგლო), სადაც ძველთაგანვე იყო გავრცელებული. ამჟამად ერთეული ძირებია დარჩენილი მაღლარებისა და ხეივნების სახით.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, ხუთნაკვთიანი. იშვიათად არის დაუნაკვთავიც. ფოთლის ქვედა მხარე საშუალოდაა ჯაგრისებურად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ზომისაა, ცილინდრული, იშვიათად კონუსური ფორმის, ხშირად მხრიანი, საშუალო სიკუმსის. გვხვდება ძლიერ კუმსი და მეჩხერი მტევნებიც. მარცვალი დიდი ზომისაა, ოვალური ან წაგრძელებული ფორმის, მოწითალო. მკვრივკანიანია, ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. რბილობი ხორციანია, წვენი — შეუფერავი. გემო ტკბილი აქვს, სასიამოვნო სიმჟავითა და კარგად გამოხატული ჯიშური არომატით.
ქათმისხეურას სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სიმწიფემდე 157-201 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. უხვმოსავლიანია. ერთ ძირზე მოსავალი საშუალოდ 7.9 კილოგრამს შეადგენს. მტევნის საშუალო წონა 526 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 14.5-16.2%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.5-9.0 გ/ლ-ს.
ქათმისხეურა გამოიყენება სასუფრე ყურძნად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 375