ფხვენისის ნათლისმცემლის ეკლესია
ფხვენისის ნათლისმცემლის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (8,9 X 5,4 მ), ნაგებია რიყის და ნატეხი ქვით. კუთხეები კარი და სარკმლები ამოყვანილია შირიმისა და ტუფის ქვით. არქიტრავით გადახურული კარი სამხრეთითაა, თაღოვანი სარკმლები — აღმოსავლეთით, დასავლეთითა და სამხრეთით. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო ორსაფეხურიანი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა კამაროვანი გადახურვის საბჯენი თაღი. ჩრდილოეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ, მაღალი ჯვარია გამოსახული, დასავლეთ ფასადის სამხრეთ კუთხეში — ვარდული. შენობას შემოვლებული აქვს ტუფის ქვის ლავგარდანი. გადახურულია ღარიანი კრამიტით.
ეკლესიის დასავლეთით, ქვიშაქვის ოთხ სვეტზე დგას კვადრატული აგურით ნაგები სამრეკლო. ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის მთელ სიგრძეზე მიშენებულია სწორკუთხა სათავსი, რომელსაც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. ეკლესია სათავსს ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში გაჭრილი კარით უკავშირდება. კარს არქიტრავული გადახურვა აქვს. ეკლესიის სამხრეთ კედელზეც ასეთივე სათავსია მიდგმული, რომლის სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში გაჭრილია კარი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.