ფსიტის ციხე
ფსიტის ციხე, ფსიტიანის ციხე — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრი წყლების აღმოსავლეთით, პირდაპირი ხაზით სამ კილომეტრზე, მდინარე ფსიტისხევის მარჯვენა ნაპირას, კლდოვან ქედზე. გაირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა და განსხვავებული წყობა. ადრინდელი ფენები V-VI საუკუნეებისაა. გვხვდება განვითარებული შუა საუკუნეებისა და გვიანდელი შუა საუკუნეების წყობაც, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ციხის შეკეთება საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა და თავის ფუნქციას გვიანდელ შუა საუკუნეებშიც ინარჩუნებდა. ფსიტის ციხე პირველად კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის (1574-1605 წწ.) ერთ-ერთ საბუთშია ნახსენები.
ციხე ძირითადად ნაგებია, საშუალო და დიდი ზომის რიყის ქვით, კირის ხსნარზე. გამოყენებულია ნატეხი ლოდებიც. ციხე ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. დასავლეთი მხარე მასიური გოდოლებითაც იყო გამაგრებული, სამხრეთით 10 მ სიმაღლის მრგვალი გოდოლის ნაშთია. მის გასწვრივ ჩრდილოეთით მეორე გოდოლის ნაშთიც გვხვდება. ისინი ერთმანეთთან სქელი კედლითაა დაკავშირებული. მთლიანად დანგრეულია ციხის შიდა მხარე. ჩრდილოეთ განაპირას შემორჩენილია ერთ-ერთი გოდოლის პირველი სართული, გუმბათოვანი გადახურვის მქონე მცირე, მრგვალი ოთახი. სამხრეთით კარის კვალია, აღმოსავლეთისკენ მეორე სწორკუთხა სათავსია. გაძნელებულია დანარჩენი ფრაგმენტების გარჩევა.
ლიტერატურა
რედაქტირება- კიკაჩეიშვილი პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 228-229.