ფრიდრიხ ვილჰელმ დაიხმანი

ფრიდრიხ ვილჰელმ დაიხმანი (გერმ. Friedrich Wilhelm Deichmann) (დ. 17 დეკემბერი, 1909, იენა, — გ. 13 სექტემბერი, 1993, რომი) — გერმანელი ხელოვნების ისტორიკოსი, ადრინდელი ქრისტიანული ხანის ხელოვნების, უმთავრესად ხუროთმოძღვრების, თვალსაჩინო მკვლევარი.

სწავლობდა გრაცის, მიუნხენის, იენისა და ჰალეს უნივერსიტეტებში. ჰალეს უნივერსიტეტის დოქტორი (1934). 1934/1935 და 1936/37 წლებში იყო ბერლინის მუზეუმის სამეცნიერო ასისტენტი, 1935-1936 წლებში — გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის რომის განყოფილების სტიპენდიანტი. იმავე ინსტიტუტთან 1937 წლიდან სხვადასხვა ხანგრძლივობის კონტრაქტებისა და პროექტების ფარგლებში თანამშრომლობდა, 1955-1974 წლებში მისი მუდმივი თანამშრომელი იყო (ბოლო წლებში რომის განყოფილების სამეცნიერო დირექტორი). ხელმძღვანელობდა ელენეს მავზოლეუმისა და მინერვა მედიკას ტაძრის გათხრებს რომში.

დაიხმანი თავის შრომებში ქრისტიანული არქიტექტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესწავლისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ამ პროცესის თავისებურებებსა და განსხვავებულ ხასიათს სხვადასხვა საქრისტიანო ქვეყანაში. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა აღმოსავლეთქრისტიანული რეგიონების — ეგვიპტის, სირიის, მესოპოტამიის — მხატვრულ მემკვიდრეობას. აქვს საგანგებო ნაშრომები ქართული ხუროთმოძღვრების შესახებაც, მ. შ. ბოლნისის სიონისადმი მიძღვნილი ნარკვევი. ბაზილიკური თემის განვითარებაში სიონის სტრუქტურას (ჯვარულ-ბურჯებიანი კამაროვანი სამნავიანი ნაგებობა) იგი მიიჩნევს აღმოსავლეთ საქართველოს შემოქმედებით წვლილად. დაწერილი აქვს აგრეთვე საგულისხმო წერილი VI–XI საუკუნეების საქართველოში ფასადთა მორთულობის შესახებ.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • Frühchristliche Kirchen in Rom, Basel, 1948; Ravenna. Hauptstadt des spätantiken Abendlandes, Bd. 1–3, Wiesbaden, 1969–89;
  • Zur Entwicklung der Pfeilerbasilika: die Basilika von Bolnisi (473–493), «Bedi Kartlisa», vol.36, Paris, 1978;
  • Einführung in die christliche Archäologie, Darmstadt, 1983.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  • Mietke, Gabriele, “Deichmann, Friedrich-Wilhelm”, in: Brill’s New Pauly Supplements I - Volume 6 : History of classical Scholarship - A Biographical Dictionary, English edition by Chad M. Schroeder (2014). Original German-language edition: Geschichte der Altertumswissenschaften: Biographisches Lexikon. Herausgegeven von Peter Kuhlmann und Helmuth Schneider. Serie: Der Neue Pauly Supplemente 1. Staffel, herausgegeben von Hubert Cancik, Manfred Landfester und Helmuth Schneider, vol. 6. Stuttgart, Germany. Copyright © J.B. Metzlersche Verlagsbuchhandlung und Carl Ernst Poeschel Verlag GmbH (2012).