ფოლადაურის ეკლესია
ფოლადაურის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაურში. აგებულია X-XV საუკუნეებში.
ეკლესია დარბაზული ნაგებობაა. ნაგებია ნათალი ყვითელი და წითელი ტუფის კვადრებით. ინტერიერში უფრო წვრილი ზომის ნატეხი ქვა გამოუყენებიათ, ხოლო კონსტრუქციული დეტალები ნათალი ქვით გაუკეთებიათ. წყობის ჰორიზონტალობა შიგადაშიგ დარღვეულია, თუმცა ქვები კარგადაა ერთმანეთს მორგებული. ეკლესია ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. კედლები დასრულებულია წრეთარგის ფორმის ლავგარდნით. დახურული ყოფილა ლორფინით, რომელიც აღდგენის შემდეგ შეცვლილია, თუნუქის სახურავით. საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს იატაკის დონიდან თითქმის სარკმლის შუაწელამდე აზიდული ნახევარწრიული, ზემოთკენ შევიწროვებული და კონქისებური თავით დასრულებული ნიშებია გაკეთებული. კონქი პროფილირებულ იმპოსტებზე გადაყვანილ ტრიუმფალურ თაღს ეყრდნობა. საკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. დარბაზი წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული, რომლის პროფილირებულ კაპიტელებზე კამარის საბჯენი თაღია გადაყვანილი. ყველა თაღის საბჯენი იმპოსტი ერთნაირია. ტაძრის ფასადების მორთულობა წარმოდგენილია კარ-სარკმელთა მოჩარჩოებით. სარკმლებს შეწყვილებული ლილვების, სვეტებითა და კამარით შექმნილი მოჩარჩოება აქვს, რომლებიც გაფორმებულია ორნამენტული საპირითა და კაპიტელ-ბაზისებით. აღმოსავლეთის სარკმლის თაღზე დამატებით ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა ჩადგმული.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39383