ფლავისმანის ქვაყუთი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ფლავისმანის ქვაყუთი — არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მისასვლელთან, ჩრდილო-აღმოსავლეთით. მიეკუთვნება გვიანდელი ბრინჯაოს-ადრინდელი რკინის ხანას. აღმოაჩინეს შემთხვევით, 1924 წელს, ტირიფონის არხის გაყვანის დროს. ქვაყუთი მდებარეობდა მიწის ზედაპირიდან 2 მეტრ სიღრმეზე და წარმოადგენდა კოლექტიურ სამარხს. ქვაყუთის დაზიანების გამო დაკრძალვის წესი ვერ დადგინდა. მოპოვებული არქეოლოგიური მასალიდან აღსანიშნავია თიხის ჭურჭელი და ბრინჯაოს ნივთები: თავხია საკინძი, მასრაგახსნილი შუბისპირი, მოკლე ორპირი მახვილი სატარეზე ორი სამანჭვლე ნახვრეტით. მასალა დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირემაშვილი შ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 112.