ფიჭვიანის საყდარი

ფიჭვიანის საყდარი — არქიტექტურული ძეგლი სოფელ შალაურის სამხრეთ-დასავლეთით, სამიოდე კილომეტრის მანძილზე, ტყეში. განეკუთვნება ადრინდელ შუა საუკუნეებს. ნაგებია სხვადასხვა ზომის,რიყის ქვით. ალაგ-ალაგ, ძირითადად, კონსტრუქციულ ნაწილებში, გამოყენებულია შირიმის, მეტ-ნაკლებად დამუშავებული ქვები.

შენობის გეგმის სწორკუთხედში (14,2x8,2 მ.) ჩაწერილია ცალნავიანი ეკლესია, მომცრო სამლოცველო და გარშემოსასვლელი. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია ეკლესიის კამარა და კონქის მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩამოშლილია სამლოცველოს საბურველი, გარშემოსასვლელის კედლების ნაწილი დანგრეულია, ხოლო ნაწილი კი, 1-1,3 მეტრ სიმაღლეზეა შემორჩენილი. კედლებზე, გადახურვის შემორჩენილ ნაწილზე და ინტერიერი მცენარეულობაა ამოსული.

მთავარი ეკლესია დარბაზულია, აღმოსავლეთით დასრულებულია ნალისებრი აფსიდით, რომლის ღერძზე გაჭრილია განიერი, თითქმის პარალელურწირთხლებიანი, ნახევარწრიულთაღოვანი სარკმელი. აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია შირმის, ნათალი ქვებით გამოყვანილი მხებით, რომლებსაც ეყრდნობოდა შირმისავე ქვებით ნაწყობი, სატრიუმფო თაღი (შეორჩენილია ორივე ქულის წყობა).

ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხეთიდან და დასავლეთიდან. ორივე კარი გარშემოსასვლელიდანაა, გარედან ისინი თარაზულად ყოფილა გადახურული (შემორჩენილია მცირე ნაწილები), შიგნიდან კი - რიყის, მოგრძო ქვებით ნაწყობი, ნალისებრი თაღით. მთავარ ეკლესიას, საკურთხევლის სარკმლის გარდა, სამხრეთ კედელში გაჭრილი , კიდევ ორი სარკმელი აშუქებდა, რომლებსაც გადახურვა ჩამოშლილი აქვს.

მთავარ ეკლესიას სამხრეთიდან ეკვრის სამლოცველო, რომელიც მთავარ ეკლესიაზე თითქმის ორჯერ უფრო მოკლეა. სამლოცველოს ორი, განიერი, თაღოვანი შესასლეი აქვს, მათგან ერთი სამხრეთიდანაა, გარედან, ხოლო მეორე დასავლეთიდან, გარშემოსასველიდან. სამლოცველს შიდა სივრცე გეგმით თითქმის კვადრატულია, გადახურულია ცილინდრული კამარით და აღმოსავლეთით ნახევარწრიული ფორმის, უსარკმლო აფიდითაა დასრულებული.

გარშემოსასვლელი ორი ნაწილისგან შედგება. ორივე ნაწილს თითო, თაღოვანი შესასვლელი აქვს. ერთი სამხრეთ ფრთის, სამხრეთ კედლშია (შემორჩენილია მთლიანად), მთავარი ეკლესიის შესასვლელის მოპირდაპირედ, მეორე კი, დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ კიდესთან. ორივე შესასვლელი ნალისებრთაღოვანია. გარშემოსასვლელის ორივე ნაწილი დამოუკუდებელი კამარით ყოფილა გადახურული. მათ დასაყრდნობად მთავარი ეკლესიის შესაბამის კედლებზე თარედი ყოფილა მიშენებული(შემორჩენილია მცირე ნაწილი).

ფასადები სადაა, მორთულობის გარეშე. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის თაღი არაწესიერი ფორმის, შირიმის, მთლიან ქვაშია გამოკვეთილი. ეკლესია გადახურული იყო ორფერდა სახურავით, სამლოცველო და გარშემოსასვლელი კი ცალფერდათი.

ლიტერატურა

რედაქტირება