ფიცხელაურების კოშკი (წირქოლი)
ფიცხელაურების კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, სფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ წირქოლში, ფიცხელაურების უბანში. აგებულია გვიანი შუა საუკუნეებში.
შემაღლებულ ბორცვზე აღმართული კოშკი სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები, რომელიც მოგვიანებით შეულესიათ. ღიობებში გამოყენებულია ქართული აგური. ორი სართულის დონეზე შემორჩენილი მრგვალი კოშკის შიდა გეგმა სწორკუთხაა. პირველი სართულის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია თაღოვანი შესასვლელი, კარი ნაოთხალია. მის ორივე მხარეს თაღოვანი, საფეხურებიანი ნიშებია. სამხრეთ კედელში მოწყობილია მაღალი და განიერი ნიშები, რომლებსაც ოდნავ შეისრული თაღები აგვირგვინებს. ნიშებში გაჭრილია სათოფურები. დასავლეთ კედლის ცენტრში მოთავსებულია ნახევარწრიული ბუხარი, რომლის ორივე მხარეს ასევე თაღოვანი ნიშებია და მათშიც გაჭრილია სათოფურები. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებს აგურის წყობის თარო გასდევს. ჩრდილოეთ კედელში მოწყობილია მეორე სართულზე ასასვლელი კიბის უჯრედი. პირველი სართულის გადახურვა კამაროვანია. კამარა გადაყვანილია აგურის გვირგვინისებრი წყობით. მეორე სართულის მხოლოდ დასავლეთი და ჩრდილოეთი კედლების მცირე ნაწილია შემორჩენილი. კედლებში მოწყობილია თაღოვანი ნიშები, რომლებშიც სათოფურებია გაჭრილი. კოშკი უფრო საცხოვრებლის ტიპისაა, თუმცა აქვს თავდაცვითი ელემენტებიც.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ. 247-248