ფილიპე (ფილუ) ისლამის ძე ძაძამიძე (დ. 1877, ლეძაძამე — გ. 1963, ზუგდიდი) — ქართველი ოქრომჭედელი ოსტატი.

ფილიპე (ფილუ) ძაძამიძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფილიპე ძაძამიძე დაიბადა 1877 წელს (ზოგიერთი მონაცემით 1878 წელს), სოფელ ლეძაძამეში, (დღევანდელი სენაკის მუნიციპალიტეტი). მიეკუთვნებოდა ძაძამიების საგვარეულოს. ფილუს წინაპრისათვის დადიანებს აზნაურობა მიუნიჭებიათ, რის გამოც ძაძამიების ეს შტო „ძაძამიძის“ ფორმას იყენებდა და ასევ აწერდა ხელს ყველა მის ნამუშევარს. ოჯახში სულ შვიდი დედმამიშვილი იყვნენ, საიდანაც უფროსი კონსტანტინე იყო, ხოლო უმცროსი ფილიპე (ფილუ). ძმებს შორის ასაკობრივი სხვაობა ოცდაათ წელზე მეტი იყო. კონსტანტინე (კოწია) ძაძამიძე ძმის დაბადების დროს უკვე განთქმული ოქრომჭედელი იყო, მას პაპისგან ვახტანგ (ვახუ) ძაძამიძისაგან შეუსწავლია ოქრომჭედლობის ხელოვნება. თავის მხრივ ვახტანგი (ვახუ) დადიანების კარზე დაეუფლა საოქრომჭედლო ხელოვნებას, დადიანების კარის ცნობილი ოქრომჭედლებისაგან პეპუ მეუნარგიას, თალიკო კოიდიასა (კედია) და სხვებთან.

1890 წელს ფილუ მის ძმასთან — კონსტანტინესთან იწყებს ოქრომჭედლობის ხელობის შესწავლას, მან გაიარა ყველა საფეხური შეგირდობიდან ქარგლობამდე და 15 წლის ფილუს უკვე მიენიჭა ოსტატის წოდება. მიუხედავად ამისა, მას ცალკე სახელოსნო არ გაუხსნია და ზუგდიდში კონსტანტინესთან მუშაობდა 1917 წლამდე, კონსტანტინეს ზუგდიდში, საკუთარ სახლში ჰქონია სახელოსნო გამართული, ბოლოს ასაკში შესულ კონსტანტინეს მუშაობა აღარ შეეძლო, ფილუმ თავისი სახელოსნო გახსნა.

ფილუ ძაძამიძეს ძირითადად ფილიგრანით იცნობენ, თუმცა ოსტატი ოქრომჭედლობის ყველა მიმართულებას კარგად ფლობდა. სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში არსებული მასალების შესწავლამ აჩვენა, რომ მრავლად გვხვდება ფილუ ძაძამიძის მიერ ჭრის და გრავირების ტექნიკაში შესრულებული ნიმუშებიც. მის მიერ ფილიგრანის ტექნიკით დამზადებული ნივთები მხოლოდ ხმლებით და ხანჯლებით არ შემოიფარგლებოდა, ის ასევე ამზადებდა ქამრებს, ცხენის აღკაზმულობის ცალკეულ დეტალებს, ჩოხის ქილებს, ყანწებს, სურებს, თასებს, ჩანთის მოსართავებს, პისტოლეტის კაბურის დეტალებს, პორტსიგარებს და ა.შ.

ფილუ ძაძამიძის ნამუშევრები არაერთხელ იყო ექსპონირებული სხვადასხვა გამოფენებზეც. 1897 წელს პეტერბურგში, 1903 წელს მანჯურიაში, 1925 წელს პარიზში გაგზავნილმა მისმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მოგვიანებით მისი ნამუშევრები წარმოდგენილი ყოფილა მოსკოვის და ლენინგრადის გამოფენებზეც. 1937 და 1941 წლებში თბილისში მოწყობილ ხალხური შემოქმედების ნიმუშთა რესპუბლიკურ გამოფენებზე ფილუ ძაძამიძის ნამუშევრებიც იყო წარდგენილი, იმავე წელს ფილუ ძაძამიძემ სასოფლო-სამეურნეო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო 1949 წლის VI რესპუბლიკურ ოლიმპიადის გამოფენაზე საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.

ფილიპე (ფილუ) ძაძამიძე ზუგდიდში ცხოვრობდა და ღრმა მოხუცებულობამდე აგრძელებდა საოქრომჭედლო საქმიანობას, იგი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა 1963 წლის სექტემბერში. დაკრძალულია ზუგდიდში.

ლიტერატურა

რედაქტირება