ფერადი ფოტოგრაფია

ფერადი ფოტოგრაფია — ფერადი ფოტოგრაფიული გამოსახულების მიღების ხერხებისა და პროცესების ერთობლიობა. ფერადი ფოტოგრაფირების შესაძლებლობაზე პირველმა მიუთითა ჯ. მაქსველმა 1861 წელს, რომელიც ფერადი მხედველობის სამკომპონენტიან თეორიას ეყრდნობოდა. მან წამოაყენა მოსაზრება, რომ ნებისმიერი ფერადი სიუჟეტის ლურჯ, მწვანე და წითელ ძირითად ფერებად დაყოფისა და შემდეგ მათი ადიტიური სინთეზის საშუალებით შესაძლებელია ფერადი ფოტოსურათის მიღება. ამისთვის შემუშავებულ იქნა მრავალი ხერხი, რომელთა მეშვეობითგადაღების ობიექტის ლურჯი, მწვანე და წითელი შუქფილტრების ცალცალკე ექსპონირების მეშვეობით აკეთებდნენ 3 შავ-თეთრ ფერდაყოფილ ნეგატივს. ამ ნეგატივებიდან გამჭვირვალე ფუძეზე ბეჭდავდნენ შავ-თეთრ პოზიტივებს. სპეციალური საპროექციო აპარატის მეშვეობით იმავე შუქფილტრებით, რომლებსაც იყენებდნენ გადაღებისას, სამივე გამჭვირვალე ერთფერ პოზიტივში ატარებდნენ შესაბამისი ფერის სხივებს და ეკრანზე მიღებული ფერდაყოფილი (ერთფერი) გამოსახულებების, კონტურთა შეთავსებით ღებულობდნენ გადაღების ობიექტის ფერად გამოსახულებას. პრაქტიკული სიძნელეების გამოადიტიური პროცესების გამოყენებამ თანდათან დაკარგა მნიშვნელობა და 1930-იან წლებში ეს ხერხი შეცვალა ფერის სინთეზის სუბტრაქტულ პრინციპზე დამყარებულმა მეთოდმა, რომელიც პირველად 1868-1869 წლებში განახორციელა ფრანგმა გამომგონებელმა ლ. დიუკო დი ორონმა. შემდგომ ფოტოკინო გადაღებასა და ფერად ბეჭდვაში ფართოდ გავრცელდა სუბტრაქტული პროცესების გამოყენება მრავალშრიან ფერფოტოგრაფიულ მასალაზე, რომელიც პირველად 1935 წელს გამოუშვა ამერიკულმა ფირმამ „ისტმენ კოდაკმა“, ხოლო 1936 წელს — გერმანულმა ფირმამ „აგფამ“.

პირველი ფერადი დაგეროტიპი შექმნილი ლ. ჰილის მიერ 1851-1856 წლებში
ფერდაყოფა მრავალშრიან ფერფოტოგრაფიულ მასალაზე

ფერდაყოფა მრავალშრიან ფერფოტოგრაფიულ მასალაზე ხორციელდება სამი ძირითადი ფერის სხივების შერჩევითი შთანთქმით შესაბამისად სენსიბილიზებული ვერცხლის ჰალოგენიდების შუქმგრძნობიარე სამი შრის მიერ, რომლებიც დატანილია ერთ პოლიმერულ (ქაღალდის) ფუძეზე. ხოლო ფერადი გამოსახულება მიიღება ორგანული საღებრების წარმოქმნით ე. წ. ფერადი გამჟღავნებისას, რომელსაც საფუძელი ჩაუყარეს გერმანელმა ქიმიკოსებმა ბ. გომოლკამ (1907) და რ. ფიშერმა (1912). ფერდაყოფა მრავალშრიან ფერფოტოგრაფიულ მასალაში ხდება შემდეგი მექანიზმით: ზედა ფენა, რომელიც არ შეიცავს სენსიბილიზატორს, მგრძნობიარეა მხოლოდ ხილული სპექტრის ლურჯი უბნისადმი. შუა ფენა ოპტიკურად სენსიბილიზებულია მწვანე უბნის მიმართ, ხოლო ქვედა ფენა — წითელი უბნის მიმართ. იმისათვის, რომ შუა და ქვედა ფენის ვერცხლის ჰალოგენიდები დავიცვათ ლურჯი სხივების ზემოქმედებისაგან, ზედა და შუა ფენებს შორის მოთავსებულია ყვითელი შუქფილტრის შუაშრე, რომელიც შთანთქავს ლურჯ სხივებს და თავისუფლად ატარებს მწვანესა და წითელს. ფერადი გამოსახულების (ნეგატივის ან პოზიტივის) მისაღებად ხმარობენ სპეციალურ ფერად სამჟღავნებს, რომლებიც შეიცავენ პარაფენილენდიამინის ნაწარმებს. ეს ნაერთები მოქმედებენ არა მარტო როგორც ჩვეულებრივი სამჟღავნები, არამედ მონაწილეობენ აგრეთვე შუქმგრძნობიარე ფენების ე. წ. ფერად კომპონენტებთან ერთად ორგანული საღებრების წარმოქმნის პროცესში. არსებობს ფერადი გამჟღავნების ე. წ. შექცევადი წესი, როცა გდაღებულ მრავალშრიან ფერფოტოგრაფიულ მასალაზე უშუალოდ მიიღება პოზიტიური ფერადი გამოსახულება.

ფერადი ფიტიგრაფიის განსაკუთრებული სახეობაა ე. წ. ლიპმანის ფოტოგრაფია (1891, გ. ლიპმანი) — ჰოლოგრაფიის წინამორბედი.

ლიტერატურა

რედაქტირება