ფენიქსი (კოსმოსური ხომალდი)
ფენიქსი (ინგლ. Phoenix Mars Lander) — ნასას კოსმოსური აპარატი, რომლის დანიშნულება პლანეტა მარსის გამოკვლევაა.
აპარატის გაშვება 2007 წლის 4 აგვისტოს განხორციელდა, მარსზე დაჯდომა მოსალოდნელია 2008 წლის მაისში. პლანეტის ზედაპირზე სამუშაოები არანაკლებ სამი თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.
ფენიქსის დანიშნულება მარსის გრუნტის უფრო საფუძვლიანი შესწავლაა, ასევე მისი ატმოსფეროსა და მეტეოროლოგიური პროცესების გამოკვლევა. აპარატი პირველად მოახდენს დაჯდომის ადგილას ზედაპირის გაბურღვას მარსის ჩრდილოეთ პოლუსთან, სადაც საორბიტო აპარატმა "ოდისეა" აღმოაჩინა მიწისქვეშა ყინულის დიდი მარაგი. ერთ-ერთ ამოცანათაგანია ასევე სიცოცხლის ნიშნების აღმოჩენა. აპარატი ვერ შეძლებს პლანეტის ზედაპირზე გადაადგილებას. ფენიქსს სამეცნიერო მოწყობილობისა და ტექნიკური სისტემების მნიშვნელოვანი ნაწილი მემკვიდრეობით ერგო წარუმატებელი მისიისგან "Mars Polar Lander" და განუხორციელებელი მისიისგან "Mars Surveyor 2001 Lander", რამაც პროექტის შედარებითი სიიაფე განაპირობა — $420 მილიონი.