ფარსმის ციხე-სახლები
ფარსმის ციხე-სახლები — არქიტექტურული ძეგლი ახმეტის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ ფარსმის განაპირას, მისგან დასავლეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ციხე-სახლები ერთმანეთის გვერდიგვერდ, ღრმა უფსკრულის პირას დგანან. მათგან ერთი შვიდსართულიანია, ხოლო დანარჩენი ორი — ექვსართულიანი. ერთ-ერთ ექვსსართულიან ციხე-სახლს ადგილობრივი მოსახლეობა „ციხეს“ უწოდებს. სამივე სახლი ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია.
შვიდსართულიანნი ციხე-სახლი წაგრძელებული ოთკუთხედია. პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე სართულებს შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდან აქვს. მეორე სართულზე სამხრეთ-დასავლეთის კედელში ორი სარკმელია, სამხრეთ-აღმოსავლეთისაში — ორი სათოფური. ასევე ორი სარკმელია მეოთხე სართულის სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში. მეხუთე სართულის ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელში კარი და ერთი სათოფურია. მეექვსე სართულის ყველა კედელში თითო ორმაგი სალოდე ყოფილა. მეშვიდე სართული დანგრეულია. სართულებს შორის გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა დაფუძნებული.
პირველი ექვსართულიანი ციხე-სახლის, ე. წ. „ციხის“ პირველ, მეორე და მესამე სართულებზე შესასვლელი ჩრდილოეთ-დასავლეთიდანაა. გადახურვა მხოლოდ პირველ და მეორე სართულებს შემორჩა. იგი ხის კოჭებზეა გამართული.
მეორე ექვსსართულიანი ციხე-სახლის ყველა სართულს შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდან აქვს. პირველ სართულზე სამხრეთ-დასავლეთის კედელში ნიშია. მეორე სართულზე, იმავე მხარეს, სამი სარკმელია. მესამე სართულზე ჩრდილო-დასავლეთის კედელში ერთი სარკმელია, ხოლო სამხრეთ-დასავლეთის კედელში — ორი ნიში და ორი სარკმელი. ყველა სართული გარდა მეხუთისა და მეექვსისა შიგნით შელესილია.
ფარსმის ციხე-სახლებს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ლიტერატურა
რედაქტირება- ა. ქალდანი, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 140.