ფანშეტის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ფანშეტის ჩრდილოეთ განაპირას, პიტალო კლდეზე. თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით.

1995 წელს, აღადგინა სპეციალური სამეცნიერო სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნომ (პროექტის ავტორები ნ. მინდორაშვილი, ა. შავერდაშვილი). კოშკი სათავდაცვო-სასიგნალოა, ხეობის საფორტიფიკაციო ნაგებობის სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. კოშკი ოთხსართულიანია, გეგმით კვადრატული (4,3x4,3 მეტრი), ზემოთკენ თანდათან ვიწროვდება. ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის ტლანქად დამუშავებული ქვით. გარეთა კუთხეებში და კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია თლილი ქვიშაქვა. კოშკის ქვედა ნაწილი ყრუ მასივია. შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდანაა, პირველ სართულზე, მიწიდან 4 მეტრის სიმაღლეზე. მოგვიანებით შესასვლელის დასაცავად ამ მხრიდან კედლის მთელ სიგანეზე, მიუშენებიათ ვიწრო და მაღალი, ცალკალთა, საფეხურებიანი სახურავით გადახურული ნაგებობა, რომელსაც კარი მიწის დონეზე, ჩრდილო-დასავლეთის კედლის შუა ნაწილში აქვს. მინაშენის შიგნით, დასავლეთ ნაწილში ქვის კიბეა, რომელიც კოშკის შესასვლელს ადგება. შენობის პირველი სართულის კვადრატული სივრცე თხელი, მოგრძო ქვებით თარაზულადაა გადახურული. გადახურვა გადაჯვარედინებულ ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა, თაღები-პილასტრებს. გადახურვის სამხრეთის კუთხეში, მეორე სართულზე ასასვლელად დატოვებულია რვაგვერდა ხვრელი. მეორე სართული, დანარჩენ სართულებთან შედარებით, ოდნავ მაღალია. გადახურვა აქაც თარაზულია. ეყრდნობა გადაჯვარედინებულ ორ საბჯენ თაღს, რომლებიც უშუალოდ კედლიდან იწყება. კედლებში გაჭრილია თითო პატარა თაღოვანი სარკმელი. გადახურვაში დატოვებულია მესამე სართულთან დამაკავშირებელი ხვრელი. მასთან დასავლეთ კუთხეში მოწყობილი ქვის კიბე ადის. მესამე სართული თავისებურადაა გადაწყვეტილი. სართულის ოთხივე კედელში, იატაკიდან 1,5 მეტრ სიმაღლეზე, განლაგებულია ერთმანეთისაგან თანაბრად დაცილებული რვა-რვა მცირე ზომის კვადრატული სათვალთვალო ხვრელი. გადახურვაში აქაც ხვრელია დატოვებული, საიდანაც მისადგმელი კიბით კოშკის მეოთხე სართულზე — ბანზე ვხვდებით. ბანი შემოზღუდულია კედლით (სიმაღლე: 2 მეტრი). ოთხივე კედლის შუაში (მთელ სიმაღლეზე) თითო ფართო ღიობია. ღიობების ქვემოთა ნაწილში თითო სალოდეა. კოშკის ოთხივე კუთხეზე და ღიობების ნაპირებზე დგას თითო წვეტიანი ქვა (სიმაღლე 0,5 მეტრი).

ლიტერატურა

რედაქტირება