ფაბიანელთა საზოგადოება

(გადამისამართდა გვერდიდან ფაბიანელები)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფაბიანელთა საზოგადოება — ბრიტანული სოციალისტური ორგანიზაცია, რომლის მიზანია დემოკრატიული სოციალიზმის პრინციპების განვითარება თანმიმდევრული და რეფორმისტული და არა რევოლუციური გზებით[1]. იგი უკეთ ცნობილია თავისი ინიციატივებით მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში, პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ჩათვლით. საზოგადოებამ ხელი შეუწყო ლეიბორისტული პარტიის დაარსებას დიდ ბრიტანეთში და შეცვალა მრავალი ქვეყნის პოლიტიკა, რაც მოჰყვა ბრიტანეთის იმპერიის დეკოლონიზაციას.

დღეს საზოგადოება ფუნქციონირებს, როგორც პოლიტიკის ინსტიტუტი და წარმოადგენს ერთ-ერთს 15 ფაბიანური საზოგადოებიდან, რომლებიც აფილირდება ლეიბორისტულ პარტიასთან. მსგავსი საზოგადოებები არსებობს ავსტრალიაში (ავსტრალიის ფაბიანელთა საზოგადოება), კანადაში (დაგლას-კოლდუელის ფონდი) და ახალ ზელანდიაში.

ფაბიანელთა საზოგადოების დაარსებასა და სახელის შერჩევაში დიდი როლი ითამაშა ფრენკ პოდმორმა, სპეციალობით ფსიქოლოგმა. სახელი ფაბიანელებს ჰქვიათ კვინტუს ფაბიუსის მაქსიმუს ვერუკოზუსის (არ უნდა აგვერიოს იულიუს კეისრის თანამებრძოლში, ქვინტუს ფაბიუს მაქსიმუს სანგაში) მიხედვით, რომელიც ცნობილი იყო მეორე პუნიკურ ომში კართაგენის წინააღმდეგ დაყოვნების პოლიტიკის სწორი გამოყენებით, რისთვისაც შეერქვა მეტსახელი „კუნქტატორი“ (დამყოვნებელი).

საზოგადოების სიმბოლოა კუ წითელ ან ვარდისფერ ფონზე, რომელსაც თათი აუწევია დასარტყმელად და ამბობს: "When I strike, I strike hard" (სიტყვების თამაშია: "როდესაც მე ვარტყამ, მე ვარტყამ მაგრად", ანდა "როდესაც მე გავიფიცები, მე გავიფიცები მაგრად"). ფაქტობრივად, კუ ასახავს საზოგადოების მიზანს, სოციალიზმის ექსპანსიას.

„ფაბიანელთა საზოგადოება“ დაარსდა 1884 წლის 4 იანვარს, როგორც განშტოება საზოგადოებისა „ახალი სიცოცხლის ამხანაგობა“, რომელიც დაარსებული იყო 1883 წელს[2]. ამხანაგობის წევრები იყვნენ პოეტები ედვარდ კარპენტერი და ჯონ დევიდსონი, სექსოლოგი ჰეივლოკ ელისი და მომავალი ფაბიანელთა მდივანი ედვარდ რ. პიზი. მათ საზოგადოების გარდაქმნა სურდათ, მაგალითს აძლევდნენ სხვებს სისპეტაკისა და გამარტივებული ცხოვრების, რათა გაყოლოდნენ მათ, მაგრამ როდესაც ზოგიერთმა წევრმა გამოთქვა სურვილი, გამხდარიყო პოლიტიკურად აქტიური, რათა დახმარებოდა საზოგადოების გარდაქმნას, გადაწყვიტეს რომ ცალკე საზოგადოება, „ფაბიანელთა საზოგადოებაც“ უნდა შექმნილიყო. ყველა წევრს შეეძლო დასწრებოდა ორივე საზოგადოების შეკრებებს. „ფაბიანელთა საზოგადოება“ დამატებით მხარს უჭერდა დასავლეთ ევროპის რენესანსის ეპოქის იდეების განხორციელებასა და მათ საჯაროდ გამოცხადებას მთელ მსოფლიოში.

„ახალი სიცოცხლის გაერთიანება“ დაიშალა 1899 წელს, მაგრამ „ფაბიანელთა საზოგადოება“ გაიზარდა და გახდა დაწინაურებული აკადემიური საზოგადოება გაერთიანებულ სამეფოში ედვარდის ეპოქაში. საზოგადოების ტიპური წევრები იკრიბებოდნენ ავანგარდულ „კოეფიციენტების კლუბში“. წლების განმავლობაში გაერთიანების საჯარო შეხვედრები იმართებოდა ესექსის დარბაზში, რომელსაც ჰქონდა პოპულარული ადგილმდებარეობა სტრენდთან ახლოს, ლონდონის ცენტრში.

ჯგუფის ბროშურის თავფურცელზე გამოჩნდა განმარტებითი წერილი, რომელიც აცხადებდა: „სწორედ ასეთ დროს, თქვენ უნდა ელოდოთ, როგორი მოთმინებითაც ელოდა ფაბიუსი ჰანიბალთან ბრძოლას, თუმცა კი ბევრი კიცხავდა მას ასეთი შეყოვნებების გამო, მაგრამ როდესაც დრო მოვა, თქვენ ფაბიუსისნაირად უნდა მოიქცეთ და ძლიერად შეუტიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ლოდინი ფუჭი და უნაყოფო აღმოჩნდება“.

დარეგისტრირების შემდეგ მალევე „ფაბიანელთა საზოგადოება“ შეუდგა უამრავი გამოჩენილი თანამედროვის მიზიდვას, რომლებიც მიწვეულნი იყვნენ სოციალისტური შეხედულებების საფუძველზე. მათ შორის აღმოჩნდნენ ჯორჯ ბერნარდ შოუ, ჰერბერტ ჯორჯ უელსი, ანი ბეზანტი, გრემ ვოლასი, ჰიუბერტ ბლანდი, ედით ნესბიტი, სიდნი ოლივიე, ოლივერ ლოჯი, ლეონარდ ვულფი და ვირჯინია ვულფი, რამსეი მაკდონალდი და ემელინ პანკჰერსტი. ბერტრანდ რასელიც კი გარკვეული დროით გახდა საზოგადოების წევრი, მაგრამ წამოვიდა იქიდან მას შემდეგ, რაც გამოთქვა თავისი რწმუნება იმის შესახებ, რომ საზოგადოების ანტანტურ პრინციპებს (ამ შემთხვევაში იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც გაერთიანდნენ გერმანიის წინააღმდეგ) შესაძლოა ომამდეც კი მიეყვანა საქმე.

ფაბიანელთა საზოგადოების ცენტრში იდგნენ სიდნი უები და ბეატრის უები. მათ ერთად დაწერეს მრავალრიცხოვანი კვლევები სამრეწველო ბრიტანეთზე, ასევე ალტერნატიულ კოოპერაციულ ეკონომიკაზე, რომელიც ეხებოდა კაპიტალისა და მიწის საკუთრების უფლებას. ფაბიანელთა საზოგადოების პირველი ბროშურები, რომლებიც იცავს სოციალური სამართლიანობის პრინციპებს, დაემთხვა 1900-იანი წლების დასაწყისში განხორციელებულ ლიბერალურ რეფორმებს. ფაბიანელთა წინადადებები უფრო პროგრესული იყო, ვიდრე ისინი, რომლებიც დაადგინეს ლიბერალური რეფორმის კანონმდებლობაში. ფაბიანელები ლობირებდნენ საარსებო მინიმუმის შემოღებას 1906 წელს, ასევე უნივერსალური ჯანდაცვის სისტემის შექმნას 1911 წელს და პერის წოდების მემკვიდრეობითი გადაცემის გაუქმებას 1917 წელს.

ფაბიანელთა ადრეული შეხედულებები

რედაქტირება

ფაბიანელი სოციალისტები ემხრობოდნენ ბრიტანეთის იმპერიალისტური საგარეო პოლიტიკის რეფორმას, როგორც ინტერნაციონალური რეფორმისკენ მიმავალ გზას და სახელმწიფოს კეთილდღეობის ბისმარკისეულ გერმანულ მოდელს. ისინი აკრიტიკებდნენ გლადსტონის ლიბერალიზმს - მისი ინდივიდუალიზმისთვის შინ და ინტერნაციონალიზმისთვის საზღვარგარეთ. ისინი უპირატესობას ანიჭებდნენ ეროვნულ საარსებო მინიმუმს, რათა შეეჩერებინათ ბრიტანული ინდუსტრიები, რომლებიც მათი არაეფექტურობის კომპენსირებას ახდენდნენ ხელფასების ზღვარის შემცირებით, იმის ნაცვლად რომ ინვესტირება მოეხდინათ აღჭურვილობაში; ასევე, ურბანულ განახლებას (ძველი ბარაკების აღება) და ჯანდაცვის სერვისს, „თუნდაც ზომიერად იმპერიული რასის გამრავლებისათვის“, რომელიც იქნებოდა მეტად პროდუქტიული და სამხედრო თვალსაზრისით უკეთესი, ვიდრე „ანემიური, დემორალიზებული მცხოვრებნი ჩვენი დიდი ქალაქებისა“; და განათლების ეროვნული სისტემას, იმიტომ რომ „იმპერიის მომავალი ბრძოლები კომერციული კეთილდღეობისთვის უკვე წაგებულია საკლასო ოთახებში“.

1900 წელს საზოგადოებამ გამოუშვა „ფაბიანიზმი და იმპერია“, პირველი ოფიციალური განაცხადი საგარეო ურთიერთობებზე თავისი შეხედულებების შესახებ, რომლის მონახაზი შექმნილი იყო ბერნარდ შოუს მიერ და ითვალისწინებდა ფაბიანელთა საზოგადოების 150 წევრის წინადადებებსა და შემოთავაზებებს. იგი იყო მიმართული ჯონ მორლისა და სერ უილიამ ჰერკორტის მსგავსთა ლიბერალური ინდივიდუალიზმის წინააღმდეგ. იგი ამტკიცებდა, რომ კლასიკური ლიბერალური პოლიტეკონომია მოძველდა და რომ იმპერიალიზმი წარმოადგენდა საერთაშორისო პოლიტიკის ახალ ეტაპს. საკითხი ასე იდგა: დიდი ბრიტანეთი იქნებოდა ცენტრი მსოფლიო იმპერიისა, თუ ის დაკარგავდა თავის კოლონიებს და დარჩებოდა მხოლოდ 2 კუნძულის ამარად ჩრდილო ატლანტიკაში? ეს სტატია მხარს უჭერდა ბრიტანეთს ბურების ომში, რადგანაც პატარა ერები, როგორიც იყვნენ ბურები, წარმოადგენდნენ ანაქრონიზმებს იმპერიის ხანაში. იმისათვის რომ შეენარჩუნებინათ იმპერია, ბრიტანელებს სჭირდებოდათ სრულად გამოეყენებინათ სავაჭრო ურთიერთობები, რაც ომებით უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი; შეექმნათ სამოქალაქო არმია, რომელსაც უნდა ჩაენაცვლებინა პროფესიული ჯარი; სამუშაო კოდექსში უნდა შეეტანათ ცვლილება, რომელიც ნახევარ განაკვეთზე მუშაობის ასაკს 21 წლამდე გაზრდიდა, იმგვარად რომ მოგებული 30 საათი უნდა ყოფილიყო გამოყენებული „ფიზიკურ ვარჯიშებში, ტექნიკური და სამოქალაქო განათლების კომბინაციასა და საველე წვრთნებში თანამედროვე იარაღის გამოყენების შესწავლის მიზნით“.

ფაბიანელები ასევე ემხრობოდნენ მიწის იჯარების ნაციონალიზაციას. მათ სჯეროდათ, რომ მიწათმფლობელების მიერ იჯარის აღებით მიღებული თანხა არ იყო შრომით მოპოვებული. ეს იდეა წამოვიდა ამერიკელი ეკონომისტის ჰენრი ჯორჯის შრომებისგან. მრავალი ფაბიანი მონაწილეობდა ლეიბორისტული პარტიის ფორმირებაში 1900 წელს, ამ პარტიის დამფუძნებელი დოკუმენტაცია კი დაწერა სიდნი უებმა და მათი შინაარსი უმეტესად გადმოღებული იყო ფაბიანური საზოგადოების ფუნდამენტალური დოკუმენტებიდან. ლეიბორისტული პარტიის დაარსებასთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე 1900 წელს, ფაბიანელთა საზოგადოება 861 წევრს ითვლიდა და აქედან ერთი დელეგატადაც გააგზავნეს.

მეორე თაობა

რედაქტირება

პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში შეიქმნა ფაბიანელების „მეორე თაობა“, რომელშიც ირიცხებოდნენ რ. ჰ. თოუნი, ჯ. დ. ჰ. კოული და ჰაროლდ ლასკი. მათ თავიანთი წინა თაობების მსგავსად ჰქონდათ დიდი ზეგავლენა სოციალ-დემოკრატიულ აზროვნებაზე. მათი იდეოლოგიის თანახმად: „თითოეულ ადამიანს ძალაუფლება უნდა ჰქონდეს თავისი ცოდნისა და ნიჭის შესაბამისად. ძირითადი მოტივი იყო თავიანთი წარმოდგენილი სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპი: თითოეულისგან უნარის მიხედვით, თითოეულს _ საჭიროების მიხედვით (კომუნისტური პრინციპია). დემოკრატიული სოციალიზმი, რომელიც კონტროლდება ხმების უმრავლესობით, იმართება ციფრებით და ვერასოდეს იქნება ნამდვილად წარმატებული; ნამდვილად არისტოკრატიული სოციალიზმი, რომელიც დაფუძნებულია მოვალეობაზე და მასში მთავარი ადგილი უკავია სიბრძნეს, არის წინ გადადგმული ნაბიჯი ცივილიზაციის უფრო მაღალი საფეხურისაკენ“. _ ანი ბესანტი, „ფაბიანელთა საზოგადოების“ წევრი და შემდგომში ინდოეთის ეროვნული კონგრესის პრეზიდენტი.

სწორედ ამ დროს, როდესაც მესამე მსოფლიოს მრავალი მომავალი ლიდერი იყო ფაბიანების აზრის ზეგავლენის ქვეშ, განსაკუთრებით, ჯავაჰარლალ ნერუ ინდოეთში, რომელიც შემდგომში ინდოეთის ეკონომიკურ პოლიტიკას განსაზღვრავდა ფაბიანელების სოციალური ხაზის მიხედვით. ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ნერუს ფაბიანელობამ იმოქმედა ინდოეთის ეკონომიკაზე, რომელშიც სახელმწიფო საკუთრებაში იქნა შეტანილი ოპერირებადი და კონტროლირებადი წარმოების საშუალებები, კერძოდ, საკვანძო მძიმე სამრეწველო სექტორები, როგორიცაა: ფოლადი, ტელეკომუნიკაციები, ტრანსპორტი, ელექტროენერგიის წარმოება, სამთო და უძრავი ქონების განვითარება. კერძო საქმიანობა, საკუთრების უფლებები და მეწარმეობა დარჩა წახალისების გარეშე ან რეგულირდებოდა ნებართვების გზით, სამაგიეროდ, ეკონომიკური საქმიანობის ნაციონალიზაცია და მაღალი გადასახადები იქნა ცნობილი მიზანშეწონილად. ასევე წახალისებული იქნა ინდივიდუალური არჩევნის კონტროლი და მაჰალანობი-ს მოდელი, რომელსაც ნერუ თვლიდა იმის საშუალებად, რომ განეხორციელებინათ ფაბიანელთა საზოგადოების მიერ წარმოდგენილი სოციალიზმის ვერსია. გარდა ამისა, კოლონიური ინდოეთის რამდენიმე დამოუკიდებლობამდელი ლიდერი, როგორიც იყო ანი ბესანტი – ნერუს მენტორი და შემდგომში ინდოეთის სამოქალაქო კონგრესის პრეზიდენტი, იყვნენ ფაბიანელთა საზოგადოების წევრები.

ობაფემი ავოლოვო, რომელიც შემდგომში გახდა ნიგერიის ძლიერ ჩამორჩენილი დასავლეთ რეგიონის პრემიერი, ასევე იყო ფაბიანელთა საზოგადოების წევრი 1940-იან წლებში. სწორედ ფაბიანურ იდეოლოგიას ეყრდნობოდა ის დასავლეთ ნიგერიის მართვისას, თუმცა ვერ მოახერხა მათი გატარება ეროვნულ დონეზე. ნაკლებად ცნობილია ის ფაქტი, რომ პაკისტანის დამფუძნებელი, მუჰამად ალი ჯინა, ფაბიანელთა საზოგადოების აქტიური წევრი იყო 1930-იან წლებში. ლი ქუან იუ, სინგაპურის პირველი პრემიერ-მინისტრი, თავის მემუარებში ამტკიცებდა, რომ მისი თავდაპირველი პოლიტიკური ფილოსოფია განიცდიდა ფაბიანელთა საზოგადოების ძლიერ გავლენას, თუმცა მოგვიანებით, ჩათვალა რა სოციალიზმის ფაბიანური იდეალი არაპრაქტიკულად, მისი შეხედულებები შეიცვალა. 1993 წელს ლი წერდა: ისინი [ფაბიანელი სოციალისტები] ცდილობდნენ შეექმნათ სამართლიანი სახელმწიფო ბრიტანელი მუშებისათვის, მათი კეთილდღეობის სახელმწიფოს დასაწყისი, იაფი მუნიციპალური განსახლება, უფასო ჯანდაცვა და სტომატოლოგიური მკურნალობა, უფასო სპექტაკლები, უმუშევრების გულუხვი დახმარება. რა თქმა უნდა, კოლონიებში, განსაკუთრებით კი სინგაპურსა და მალაიში მცხოვრები სტუდენტებისთვის ეს ყველაფერი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა, როგორც კომუნიზმის ალტერნატივა. ჩვენ 1970-იან წლებამდე ვერ დავინახეთ, რომ ეს იყო იმ დიდი პრობლემების დასაწყისი, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ბრიტანული ეკონომიკის დასუსტებას. _ ლი ქუან იუს ინტერვიუ ლიანე ზაობაოსთან.

შუა აღმოსავლეთში, მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ინტელექტუალური მოძრაობის „ფაბიანელთა საზოგადოების“ თეორიებმა, საფუძველი ჩაუყარა ბა’ათისტურ ხედვას. ახლო აღმოსავლეთის მიერ ფაბიანური სოციალიზმის შეთვისებამ სახელმწიფო მიიყვანა მსხვილი ინდუსტრიის: ტრანსპორტის, ბანკების, საშინაო და საგარეო ვაჭრობის კონტროლირებამდე. სახელმწიფოს უნდა წარემართა ქვეყნის ეკონომიკური კურსი იმ ძირითადი მიზნით, რომ ყველა გარანტირებულად მიიღებდა საარსებო მინიმუმს. მიშელ აფლაქი, რომელიც იყო ფაბიანელი სოციალისტი, მიიჩნევა ბა’ათისტური მოძრაობის დამაარსებლად. აფლაქის იდეებმა, ისევე როგორც სალაჰ ალ-დინ ალ-ბიტარის და ზაკი ალ-არსუზისა, არაბულ სამყაროში განხორციელება ჰპოვა ერაყისა და სირიის დიქტატორული რეჟიმების სახით. ეგვიპტელი სალამაჰ მუსა, შემდგომი მამამთავარი არაბული სოციალიზმისა, ასევე იყო ფაბიანელთა საზოგადოების გულმოდგინე მიმდევარი და მისი წევრი 1909 წლიდან.

ფაბიანური ინტელექტუალური ელიტა აერთიენებს ისეთ პიროვნებებს, როგორებიც არიან პოლიტოლოგი ბერნარდ კრიკი, ეკონომისტები თომას ბალოგი და ნიკოლას კალდორი, ასევე სოციოლოგი პიტერ ტაუნსენდი.

თანამედროვე ფაბიანიზმი'

რედაქტირება

მე-20 საუკუნის განმავლობაში ჯგუფს ყოველთვის ჰქონდა გავლენა ლეიბორისტული პარტიის წრეებში, მისი წევრები იყვნენ რამზეი მაკდონალდი, კლემენტ ატლი, ენტონი კროსლანდი, რიჩარდ კროსმანი, ტონი ბენი, ჰაროლდ უილსონი, ახლახან კი ტონი ბლერი, გორდონ ბრაუნი, გორდონ მარსდენი და ედ ბოლსი. გარდაცვლილი ბენ პიმლოტი იყო მისი თავმჯდომარე 1990-იან წლებში (პიმლოტის პრემია პოლიტიკური ნარკვევებისთვის დაარსდა 2005 წელს მისი ხსოვნის პატივსაცემად „ფაბიანელთა საზოგადოებისა“ და „გარდიანის“ მიერ, ის ახლაც გრძელდება ყოველწლიურად). საზოგადოება აფილირებულია ლეიბორისტულ პარტიასთან, როგორც სოციალისტური საზოგადოება. ბოლო წლებში „ახალგაზრდა ფაბიანთა“ ჯგუფმა, რომელიც დაარსდა 1960 წელს, შეადგინა მნიშვნელოვანი ქსელური ორგანიზაცია, მოაწყო დისკუსიები ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდა (31 წლამდე) აქტივისტებისათვის და ითამაშა დიდი როლი ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, ტონი ბლერი-ს არჩევნებში 1994 წელს. შემდეგ, უმოქმედობის პერიოდში, 2005 წელს რეფორმირდნენ „შოტლანდიელი ახალგაზრდა ფაბიანელები“.

2004 წელს, საზოგადოების კვლევის ყოველწლიურ ანგარიშში ნაჩვენებია, რომ საზოგადოებაში შედიოდა 5810 ინდივიდუალური წევრი (70-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით; აქედან 1010 იყო ახალგაზრდა ფაბიანელი) და 294 ინსტიტუციონალური ხელმომწერი, რომელთაგან ცალკე 31 იყო ლეიბორისტული პარტიის, კოოპერატიული საზოგადოების ან ტრედუნიონთა ამომრჩეველი, 190 ბიბლიოთეკარი, 58 კორპორატიული წევრი, 15 კი სხვა, ჯამში: 6104 წევრი. საზოგადოების წმინდა შემოსავლის აქტივები შეადგენდა 86,057 ფუნტი სტერლინგს, მთლიანი შემოსავალი იყო 486,456 ფუნტი სტერლინგი. მთლიანი ხარჯი 475,425 ფუნტი სტერლინგი. წლიური საერთო ნაშთი (კრედიტი) შეადგენდა 1031 გირვანქა სტერლინგს.

2009 წლის 21 აპრილს საზოგადოების ვებ-გვერდი იუწყებოდა, რომ საზოგადოებას სულ ჰყავდა 6286 წევრი; ფაბიანელთა ეროვნული წევრობა ახლა დგას 35 წლის მაჩვენებელზე. იგი ჯამში 20%-ით უფრო მაღალია, ვიდრე იმ დროს, როდესაც ლეიბორისტული პარტია მოვიდა მმართველობაში 1997 წლის მაისში. ესაა ორმაგი რაოდენობა იმასთან შედარებით, როდესაც კლემენტ ატლიმ დატოვა ოფისი 1951 წელს.

ბრიტანული ეროვნული ბიოგრაფიული ლექსიკონის საბოლოო გამოცემაში ასახულია 174 ფაბიანელი. 4 ფაბიანელი, ბეატრის და სიდნი უებები, გრემ უოლესი და ჯორჯ ბერნარდ შოუ, არიან მოყვანილნი, როგორც ლონდონის ეკონომიკის სკოლის დამაარსებლები, რომლებმაც აღნიშნული სკოლა დააარსეს ჰენრი ჰატჩინსონის მიერ დატოვებული ფულადი მემკვიდრეობით. სავარაუდოდ, გადაწყვეტილება მიიღეს 1894 წლის 4 აგვისტოს, საუზმის დროს. დამაარსებლები გამოსახულნი არიან ფაბიანელთა ვიტრაჟზე, რომელიც შექმნილია ჯორჯ ბერნარდ შოუს მიერ. ვიტრაჟი მოიპარეს 1978 წელს და ხელახლა აღმოაჩინეს 2005 წელს სოთბიში. ამის შემდეგ, ის მხოლოდ 2006 წელს გამოფინეს ლონდონის ეკონომიკის სკოლის ბერნარდ შოუს სახელობის ბიბლიოთეკაში ტონი ბლერის თავმჯდომარედ წარდგენის ცერემონიალზე.

ახალგაზრდა ფაბიანელები

რედაქტირება

წევრები 31 წელზე ნაკლები წლოვანებით აგრეთვე არიან „ახალგაზრდა ფაბიანელთა“ წევრებიც. ამ ჯგუფს ჰყავს საკუთარი არჩეული თავმჯდომარე, აღმასრულებელი, რომელიც ორგანიზებას უწევს კონფერენციებსა და სხვა მოვლენებს. აგრეთვე იგი კვარტალურად აქვეყნებს ჟურნალს „მოლოდინები“ (Anticipations). შოტლანდიელი ახალგაზრდა ფაბიანელები, ჯგუფის შოტლანდიური ფილიალი რეფორმირდა 2005 წელს.

გავლენა ლეიბორისტულ მთავრობაზე

რედაქტირება

მას შემდეგ, რაც გაერთიანებული სამეფოს ლეიბორისტული პარტია მთავრობაში მოვიდა 1997 წელს, ფაბიანელთა საზოგადოება გახდა ფორუმი ახალი ლეიბორისტული იდეებისა და პარტიისადმი კრიტიკული მიდგომისთვის. ყველაზე აღსანიშნავი წვლილი, რომელიც ფაბიანელთა საზოგადოებამ ლეიბორისტების მთავრობის პოლიტიკის დღის წესრიგში შეიტანა, იყო ედ ბოლსის 1992 წლის პამფლეტი (ბროშურა), რომელიც მხარს უჭერდა ინგლისის ბანკის დამოუკიდებლობას. როდესაც ბოლსმა ფაბიანელთა პამფლეტი დაწერა, იგი „ფაინენშელ თაიმსის“ ჟურნალისტი იყო. ეს მოხდა მანამ, სანამ იგი გორდონ ბრაუნთან დაიწყებდა მუშაობას. „ბიბისის“ ბიზნეს-რედაქტორი, რობერტ პესტონი, საკუთარ წიგნში „ბრაუნის ბრიტანეთში“ ამას „არსებით ტრაქტატს“ უწოდებს და საბოლოოდ ამბობს, რომ ბოლი თანამედროვე ინგლისის ბანკის შექმნისთვის იმსახურებს ისეთივე და შესაძლოა უფრო მეტ აღიარებას, ვიდრე ვინმე სხვა. უილიამ კიგანი საკუთარ წიგნში ლეიბორისტული ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ გვთავაზობს ბოლის ფაბიანთა პამფლეტის მსგავს ანალიზს. იგი დეტალურად აანალიზებს გზას დრამატულ პოლიტიკურ ცვლილებამდე, ლეიბორისტების ხელისუფლებაში მოსვლის პირველი კვირიდან მოყოლებული.

2000 წლის ფაბიანური საზოგადოების საგადასახადო კომისიამ მაღალი ქულები დაიწერა ფართო საზოგადოებაში იმის გამო, რომ გავლენა იქონია ლეიბორისტული მთავრობის პოლიტიკასა და პოლიტიკურ სტრატეგიაზე, მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი გადასახადის მცირედი ცვლილებით: ეროვნული დაზღვევის გაზრდა დამატებით 8 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობით ეროვნული ჯანმრთელობის სერვისის ხარჯისთვის (ფაბიანურმა კომისიამ გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სამსახურის - NHS-ის ხარჯების სრულად ანაზღაურების მიზნით, შემოიღო „წარმოსახვითი“ NHS-ის გადასახადი, რაც იმით გაამართლეს, რომ საზოგადოებისთვის გადასახადის ზრდა უფრო მისაღები იქნებოდა, თუ დაბეგვრას პირდაპირ ხარჯვას დაუკავშირებდნენ. რეალურად, 2001 წელს ეროვნული დაზღვევის ხარჯის ზრდა არ იყო წარმოსახვითი, მთავრობამ გადაწყვიტა ჯანდაცვის ხარჯებისთვის დამატებითი სახსრები გამოეყენებინა). კიდევ რამდენიმე რეკომენდაცია, მათ შორის საშემოსავალო გადასახადის ახალი მაქსიმალური მაჩვენებელი, არ ეთანხმებოდა მთავრობის პოლიტიკას და არ იქნა დამტკიცებული, თუმცა დიდი ბრიტანეთის საგადასახადო სისტემის ასეთმა დაწვრილებითმა გააზრებამ გავლენა იქონია ეკონომიკურ პოლიტიკასა და პოლიტიკურ წრეებზე.

1990-იანი წლების დასწყიში, ფაბიანელთა საზოგადოების წევრები გამოდიოდნენ მეცნიერულად დაგეგმილი საზოგადოების იდეალისთვის და მხარს უჭერდნენ ევგენიკას სტერილიზაციის გზით. ეს მიჩნეულია Half-Caste Act-ისკენ მიმავალ გზად, რამაც გამოიწვია მისი შემდგომი დანერგვა ავსტრალიაში, სადაც ბავშვებს სისტემატურად და ძალადობრივად ართმევდნენ თავიანთ მშობლებს, რათა ბრიტანულ კოლონიალურ რეჟიმს „საშუალება ჰქონოდა“ "დაეცვა" აბორიგენი ბავშვები თავიანთი მშობლებისგან. „გარდიანის“ 2008 წლის 14 თებერვალს გამოქვეყნებულ ნომერში (ამ ნომრის შემდგომ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, კევინ რუდმა, პატიება სთხოვა „მოპარულ თაობებს“) ჯეფრი რობერტსონი აკრიტიკებდა ფაბიანელ სოციალისტებს იმის გამო, რომ მათ გამართლება უპოვეს ევგენიკურ პოლიტიკას, რამაც საბოლოოდ მოპარული თაობების სკანდალამდე მიგვიყვანა. სოციალიზმზე გავრცელებული ასეთი ხედვები, უთანასწორობა და ევგენიკა, 20 საუკუნის დასაწყისში ფაბიანელთა საზოგადოებაში არ იყო შემოფარგლული მხოლოდ ერთი ინდივიდით, მას ფართოდ იზიარებდნენ სრულიად ფაბიანელთა საზოგადოებაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • David Howell, British Workers and the Independent Labour Party, 1888–1906. Manchester: Manchester University Press, 1983.
  • A.M. McBriar, Fabian Socialism and English Politics, 1884–1918. Cambridge: Cambridge University Press, 1962.
  • Edward R. Pease, A History of the Fabian Society. New York: E.P. Dutton & Co., 1916.
  • Lisanne Radice, Beatrice and Sidney Webb: Fabian Socialists. London: Macmillan, 1984.
  • George Bernard Shaw (ed.), Fabian Essays in Socialism. London: Fabian Society, 1931.
  • George Bernard Shaw, The Fabian Society: Its Early History. [1892] London: Fabian Society, 1906.
  • Willard Wolfe, From Radicalism to Socialism: Men and Ideas in the Formation of Fabian Socialist Doctrines, 1881–1889. New Haven, CT: Yale University Press, 1975.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Edward R. Pease, A History of the Fabian Society. New York: E.P. Dutton & Co., 1916.
  2. ^ Edward R. Pease, A History of the Fabian Society. New York: E.P. Dutton & Co., 1916.