უფლისციხის დიდეზოიანი სახლი

არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

უფლისციხის დიდეზოიანი სახლი — არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის ნაქალაქარ უფლისციხეში, მთავარი ქუჩის დასავლეთ კიდეზე, თარიღდება ელინისტური ხანის დასაწყისით დასავლეთის (30X20,5 მეტრი) ოთახების სამივე ჯგუფი მთლიანად კლდეშია ამოკვეთილი. იგი წარჩინებულთა საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო. შენობა დაზიანებულია: გამოფიტულია კედლებისა და გადახურვის ზედაპირი. არ შემორჩენილა ეზოს სამხრეთით და ჩრდილოეთით მდებარე ოთახების წინა კედელი, ჩრდილოეთ ოთახის გამყოფი კედლები, სამხრეთ ოთახების აღმოსავლეთ კედელი და გადახურვა, ეზოს სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხე მთლიანად, ღია დარბაზისა და მის უკან მდებარე ოთახის გამყოფი კედელი. ნაგებობას ეტყობა მრავალი გადაკეთებისა და შეკეთების კვალი. XVII საუკუნეში ჩატარებული გადაკეთებით შენობა იქცა სოფლის ოჯახის საცხოვრებლად. მიუხედავად მრავალი სახეცვლილებისა კომპლექსს მაინც აქვს შენარჩუნებული ძირითადი არქიტექტურული სახე.

დასავლეთის ოთახები განლაგებულია დიდი ეზოს სამხრეთ მხარეს და ასიმეტრიულია ეზოს და შენობის მთავარი ღერძის მიმართ. კომპლექსის წამყვანი ელემენტია ღია დარბაზი, რომელიც აღმოსავლეთით, ქუჩიდან ეზოში შესასვლელის პირდაპირ მდებარეობს. იგი საზეიმო თუ სარიტუალო დანიშნულებისა უნდა ყოფილიყო. დარბაზი შედგება მაღალი კამაროვანი ოთახისგან. ოთახს ფასადის კედელი არა აქვს და გახსნილია თაღოვანი ღიობით, რომლის ორივე მხარეს, ეზოს კუთხეებში, ამოყვანილია მაღალი, კონქით გადახურული ნიშები. დარბაზის ცენტრში ამოკვეთილია გულდასმით დამუშავებული წრიული ფორმის ორმო სარიტუალო დანიშნულებისა უნდა იყოს. გადაკეთების დროს ღია დარბაზი ხის სართულშუა გადახურვით გაუყვიათ ორ სართულად (გრძივ კედლებზე შემორჩენილია კოჭების ჩასადგმელი ოთხ-ოთხი ბუდე). პირველ სართულზე გაუკეთებიათ დიდი ოთახი, რომლის ფართობის გადიდების მიზნით შეუღრმავებიათ დარბაზის გრძივი კლდის კედლები და დარბაზის ფასადის წინ გადაუტანიათ ქვით ნაშენი კედელი. მეორე სართულზე, ღია დარბაზის ფარგლებში, ლოჯიაა, ლოჯიის წინ, ღია აივანი.

ღია დარბაზის უკან მასზე დაბალი, ბრტყელჭერიანი კვადრატული ოთახია, რომელიც დარბაზს კარით უკავშირდებოდა (შემორჩენილია კარის წირთხლის კვალი). ოთახის ჭერი წარმოადგენს კლდეში ამოკვეთილი ხის კოჭოვანი გადახურვის მიბაძვას. ოთახს სიგანეზე ორად ყოფს თავხე, რომელზედაც, გრძივი ღერძის მიმარ თულებით, გამოკვეთილია მოკლე კოჭების წყობა. ოთახის ოთხივე კედელზე ამოკვეთილია პროფილირებული შემკვრელი ლავგარდანი, რომელზედაც „კოჭების“ ბოლოები აწყვია. ეზოს სამხრეთით და ჩრდილოეით ორ-ორი ოთახია. ისინი უფრო დაბლებია, ვიდრე ღია დარბაზი. ჩრდილოეთ მხარის, ერთი მეორის გვერდით განლაგებულ ოთახებს შესასვლელი ეზოდან აქვთ. აქედან დასავლეთისას კიდევ აქვს ღია დარბაზთან დამაკავშირებელი კარი. ორივე ოთახი კლდეში ნაკვეთი კამარითაა გადახურული. სამხრეთ მხარის ოთახებიდან ერთ ოთახს აქვს ეზოდან შესასვლელი. მეორე ოთახში, პირველ ოთახთან დამაკავშირებელი კარის გარდა, კიდევ არის ერთი კარის კვალი აღმოსავლეთ კედელში. ორივე მხარის ოთახების კლდის დანგრეული კედლები XVII საუკუნეში აღუდგენიათ წყობილი ქვით, ჩრდილოეთ მხარის დასავლეთ ოთახში ჩაუდგამთ ექვსი ღვინის ქვევრი, რომელიც კირის ხსნარითაა გამაგრებული. ეზო ქუჩიდან კლდის ღობით იყო შემოღობილი. ეზოს ირგვლივ, კედლებთან, ამოკვეთილია განიერი ცოკოლი სკამი. კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს ამოკვეთილი მრავალი ორმო და ბუდეა.

ლიტერატურა

რედაქტირება