უფლისციხის გრძელი ნაგებობა
უფლისციხის გრძელი ნაგებობა — არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის ნაქალაქარ უფლისციხეში, დამხრობილია სამხრეთისკენ. თარიღდება ელინისტური ხანის დასაწყისით. როგორც არქიტექტურული თემით, ისე ყოველი დეტალით, მიეკუთვნება უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ანსამბლის ძირითად სამშენებლო პერიოდს, ამავე დროს გამოირჩევა ფასადის ორიგინალური კომპოზიციით და ზოგიერთი არქაული ელემენტით. სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნომ 1968 წელს ბეტონით ნაწილობრივ აღადგინა ცენტრალური ბურჯი.
არქიტექტურა
რედაქტირებაგრძელი ნაგებობა შედგება მწკრივად განლაგებული ოთხი ნაწილისაგან. თითოეული მათგანი წარმოადგენს უფლისციხის ანსამბლის შენობებისათვის მიღებული გეგმარების უმარტივეს ვარიანტს, წინ ღია დარბაზია, მის უკან კი უფრო მცირე და დაბალი ოთახი. სათავსების ეს მარტივი განლაგება შეკრულია ერთიან, რთულ არქიტექტურულ კომპოზიციად. მასში ჩართულია ნაგებობის წინ მდებარე მოედანიც.
გრძელი ნაგებობა ერთი ფასადითაა გამოვლენილი, იგი მთლიანად ამოკვეთილია კლდეში. შენობა დაზიანებისა და მრავალჯერ გადაკეთების შედეგად სახე შეცვლილია, გამოფიტულია. სრულიად დანგრეულია აღმოსავლეთის განაპირა დარბაზი, მის უკან მდებარე ოთახის წინა კედელი, დასავლეთის განაპირა ღია დარბაზსა და ბრტყელჭერიან დარბაზს შორის მდებარე განივი კედელი ფრონტონის აღმოსავლეთ ნაწილი დაბზარულია. ეს ადგილი შესუსტებულია XVI- XVII საუკუნის გაჭრილი საკვამლე მილითაც. ამავე საუკუნეებში განიერი ნაგებობა საცხოვრებლად გამოუყენებიათ და ოთახების კედლებში ამოუკვეთიათ თაროები, იატაკში კი სხვადასხვა დანიშნულების ორმოები, დასავლეთის განაპირა ღია დარბაზის განივ კედლებში ამოუჭრიათ კოჭების ჩასადგმელი ბუდეები. უხეში თლით საგრძნობლად არის ამაღლებული კამარა, რომელშიც თახჩებია გამოკვეთილი. ღია დარბაზები გაყოფილია ორ სართულად. ქვემოთ დიდი ოთახია, რომელშიც ღია დარბაზის ფასადი წინ გამოდის. მის გადახურვაზე (კამარის ფარგლებში) ლოჯიაა წინ აივნით. ამავე ხანაშია ამოშენებული საფასადო კედელიც, განიერი ნაგებობის ცენტრში მდებარე ღია, ბრტყელჭერიანი დარბაზები. მოგვიანებით არის აშენებული რამდენიმე ოთახი (შემორჩენილია კედლების ფრაგმენტები).
შენობის კომპოზიციის ცენტრს წარმოადგენს ორი განიერი ბრტყელ ჭერიანი ღია დარბაზი (დაახლოებით 4X6 მეტრი), რომელთა ორივე მხარეს ღია კამაროვანი დარბაზებია. ოთხივე ღიადს აერთიანებს მძიმე ფრონტონი. ფრონტის კეხის ქვეშ ოთხკუთხა კვეთის ბურჯი ყოფს ბრტყელჭერიან დარბაზებს და წარმოადგენს ფასადის კომპოზიციის ცენტრალურ ვერტიკალს. მთელ კომპოზიციას ჰკრავს ეზოს შუა ნაწილი, შემაღლებული ბაქანი. ბრტყელჭერიანი დარბაზი გაშლილ მოედანზეა აღმართული, კამაროვანი დარბაზების იატაკი და ეზოები უფრო დაბალია. მოედანსა და ვიწრო ეზოს ფაქიზად თლილი საფეხურები აკავშირებს, ამგვარადვე დამუშავებული ცოკოლი გასდევს კამაროვანი დარბაზების ფასადებსა და ეზოების გარეთა კედლებსაც. დასავლეთ ეზოში შემორჩენილია კლდეში ამოკვეთილი წყალსაწრეტი ღარის სათავე, რომელიც ანტიკურ ხანაში თლილი ქვის ფილებით იყო გადახურული. სამეურნეო თუ საოჯახო საქმიანობისათვის განკუთვნილი სხვა ადგილები განიერი ნაგებობის ეზოებსა და სათავეებში არ არის. ცენტრალური დარბაზების უკან მოთავსებულია მცირე ზომის უფორმო, გამოქვაბულის მსგავსი სათავსები, სათავსების კედლებთან კლდეში ამოკვეთილია „ტახტები“, რომლებიც კიდევ უფრო ამცირებენ იატაკის ფართობს. სათავსების იატაკი ღია დარბაზების იატაკიდან რამდენიმე საფეხურითაა ამაღლებული. კამაროვანი დარბაზების უკან ზუსტი გეომეტრიული ფორმის მოზრდილი ოთახებია, რომლებსაც კარგად გამოყვანილი კუთხეები, გლუვად დამუშავებული ბრტყელი ჭერი და კედლები აქვთ. კედლებში ღრმა, საწოლად გამოსადეგი ნიშები და მცირე თახჩებია ამოკვეთილი, ნაგებობის ბანზე ქრისტიანული ეკლესია დგას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქარუმიძე თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 94-95.