ულევრის არქეოლოგიური ძეგლები

ულევრის არქეოლოგიური ძეგლები — ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XXIV–XXIII საუკუნეები) გორასამარხები მარტყოფის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 კმ-ზე, ე.წ. ულევრის ველზე, 1978–1979 წლებში გათხარეს 2 გორასამარხი (ო. ჯაფარიძე), 1 გორასამარხის (დიამეტრი 70 მ) ცენტრში აღმოჩნდა თხელი ფილებისაგან მშრალი წყობით ნაგები ოთხკუთხა სამარხი (სიგრძე 2,7 , სიგანე 3,2 მ), რომლის იატაკზე ქვის ფილები იყო დაგებული. სამარხის ჩრდილოეთ-დასავლეთ კედელთან იატაკში 0,5 მ კონუსური ორმო იყო ჩაჭრილი, რომელშიც ცეცხლის კვალი ჩანდა. მიცვალებულის ძვლები არ აღმოჩნდა (კრემაცია). არქეოლოგიური მასალა:ბრინჯაოს 2 ისრისპირი, გახვრეტილი ეშვი, ნიჟარის მძივები, ქვის გახვრეტილი ცული (რომელიც ჩრდილოეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში მოსახლე ტომებთან კავშირზე მიუთითებს). აგრეთვე ნიჟარის დაკბილული ფირფიტა, თიხის ჭურჭლის ნატეხები და ცხვრის 3 კოჭი. მეორე გორასამარხის (დიამეტრი 46 მ) ცენტრში ქვის ძლიერი ნაგებობა მდგარა, რომლის კედლების გასწვრივ დიდი ზომის ჭურჭელი ყოფილა განლაგებული. მიცვალებული მოხრილი ესვენა. მისთვის ჩაუყოლებიათ ხარის თავი და წვრილფეხა პირუტყვი. ნაგებობის თიხით შელესილ იატაკზე აღმოჩნდა 2 ყუნწიანი სატევარი (ბრინჯაოსი და ვერცხლისა), ბრინჯაოს მძივები, ბრინჯაოს 3 ისრისპირი, თიხის ჭურჭელი, რომელსაც საერთო აქვს ადრინდელ და შუა ბრინჯაოს ხანის მასალასთან, შეიმჩნევა ბევრი ახალი საფეხურის ნიშანიც. გორასამარხები ტომის დაწინაურებული წევრებისა უნდა იყოს.

1972 წელს სოფელ მარტყოფის მიდამოებში, ადგილ მოხვეულში, პედაგოგმა გ. კახაბრიშვილმა მიაკვლია ანტიკური ხანის ქვევრ-სამარხებს. მათში აღმოჩნდა პართიის მეფეების ოროდე II-ისა (ძვ. წ. 57—37) და გოტარზის (40—51) ვერცხლის მონეტები და სხვა. სოფლის ჩრდილოეთით და დასავლეთით 70-იან წლებში შეისწავლეს (შ. დედაბრიშვილი) გორასამარხები: ე. წ. წითელი გორა და ჭიანჭველის გორა. ორივე უძველეს დროში გაუძარცვავთ.

ლიტერატურა

რედაქტირება