უკანაფშავის ღვთისმშობლის ეკლესია
უკანაფშავის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფელ უკანაფშავში.
აღწერა
რედაქტირებადარბაზული ეკლესია აშენებულია კლდის ნატეხი ქვის მშრალი წყობით. ადგილ-ადგილ ვხედავთ კირით შელესილობის კვალს, თუმცა იგი გვიანი პერიოდის განახლებას მიეკუთვნება და არა თანადროულ მშენებლობას. ნაგებობას სხვა აღმოსავლეთ მთიანეთის ეკლესიების მსგავსად, სწორკუთხა საკურთხეველი აქვს მოწყობილი. სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში დატანებულია ერთი კარი, რომელსაც საკმაოდ უჩვეულო მოყვანილობა აქვს - ზედა ნაწილში ვიწროა, ხოლო ქვემოთ - განიერი, რაც კედლების რკალისებურ ფორმას ქმნის. ვინაიდან დიდი ზომის არქიტრავის ქვა არ არის გამოყენებული, კარის ასეთი ფორმა, ძალის განბჯენის მიზნით უნდა შეექმნათ. ეკლესიას აქვს ოთხი მართკუთხა სარკმელი - ორი სამხრეთით, თითო-თითო აღმოსავლეთითა და დასავლეთით. მათი მოყვანილობა როგორც გარედან, ისე შიგნიდან, თითქმის ერთნაირად არის გაფართოებული. მიუხედავად გარკვეული დაზიანებებისა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარკმლებზე მაინც შეინიშნება, რომ ქვემოდან, მათი თარო საფეხუროვანი ფორმებით იყო შექმნილი, რომლის მსგავსიც აღმოსავლეთ მთიანეთის არაერთ ეკლესიაზე გვხვდება. ინტერიერის გრძივ კედლებზე მოწყობილია თაღჩები - ჩრდილოეთით - ოთხი, სამხრეთით - ერთი. მათგან განსაკუთრებით საინტერესოა ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში გაკეთებული თაღოვანი თაღჩა, რომელიც ყველასგან გამორჩეულია როგორც ფორმით, ისე ზომით; ვინაიდან ეს თაღჩა საკურთხევლის ტერიტორიაზე და თან ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, ამიტომ შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ მას სამკვეთლოს დანიშნულება უნდა ჰქონოდა. რაც შეეხება დანარჩენ სამ თაღჩას, ისინი მართკუთა მოყვანილობისაა და ზემოდან არქიტრავულად არის გადახურული. ამჟამად ეკლესია მძიმე მდგომარეობაშია, სრულად არის ჩანგრეული გადახურვა და კედლების გარკვეული ნაწილი. მთის დარბაზულ ეკლესიებს ან სამლოცველოებს თუ გადავხედავთ, ისინი გარედან ძირითადად ფიქალითაა გადახურული, ხოლო შიგნიდან კამარაა გადაყვანილი. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მათთან შედარებით ვაკისოფლის ტაძარი ბევრად მოცულობითია და თან არც პილასტრები აქვს, რომელზეც კამარის საბჯენი თაღი იქნებოდა დაყრდნობილი, შეგვიძლია სავარაუდოდ ვიფიქროთ, რომ ამხელა ზომის კამარას ვერ გადაიყვანდნენ და გარე საბურველი მოწყობილი იქნებოდა ნივნივებით გამართულ კონსტრუქციაზე. საბურველის მასალის გასაგებად ეკლესიის გაწმენდაა საჭირო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 45690