უდერძის წმინდა გიორგის ეკლესია

უდერძის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 2 კმ-ზე, მრავალწლოვანი მუხებით გარშემორტყმულ ბორცვზე.

ეკლესია დარბაზულია (7,5X5 მ). იგი გვიან შუა საუკუნეებში უნდა იყოს აგებული, მაგრამ XIX საუკუნეში საფუძვლიანად გადაუკეთებიათ. გეგმა წაგრძელებული რომბია. ოთხივე კედლის ცენტრალურ ნაწილებში თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. კარი ორია, ერთი დასავლეთ კედელში, მეორე კი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში. ორივე კარი ნაოთხალია და შიგნიდან თაღოვანი. ინტერიერში დარბაზის გრძივი კედლები სამი წყვილი პილასტრითაა გაფორმებული, რომელთაგან დასავლეთის კუთხეებისა ორსაფეხურიანია. კამარის საბჯენი თაღები პილასტრების კაპიტელების ზემოთ მოწყობილ იმპოსტებს ეყრდნობა. კედლები შებათქაშებულია. იატაკი ქვის სწორკუთხა ფილებითაა დაგებული, რომლის უმეტესი ნაწილი აყრილია. ექსტერიერი სადა და მარტივია. თვალში საცემია შებათქაშებულ ყრუ კედლებზე კარ-სარკმლის შავი ლაქები. დეკორირებულია მხოლოდ კარების საპირეები, რომელთა მორთულობას ტეხილად შემოყოლებული ლილვები წარმოადგენს. ორივე კარის თავზე ლილვების შეტეხვით წარმოქმნილ სიბრტყეებზე თითო ჯვარია გამოსახული. კიდევ უფრო ზევით ამჟამად უკვე ამოშენებული, თაღების კონტურები იკითხება. ზეძირკველი ერთსაფეხურიანია. სახურავი კრამიტისაა, ეკლესია მოხატულია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8448