ტყისპირა ქამა
ტყისპირა ქამა (ლათ. Agaricus sylvicola) — მკრთალი-მოყვითალო თეთრი ფერის სოკო, შეხებისას ყვითლდება. მისი თავი კვერცხისებრი ფორმისაა, შემდეგ გაშლილი და ბრტყლად ამოზნექილი. მისი ტექსტურა სქელხორცოვანი, გლუვი, აბრეშუმისებრი ზედაპირითაა დაფარული. კიდეებზე თავიდან შეკეცილია, შემდეგ-გაშლილი, ზოგჯერ ტალღოვანია.
ტყისპირა ქამა | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Agaricus sylvicola | ||||||||||
|
ტყისპირა ქამას ფეხი თეთრი ფერისაა, შეხებისას ყვითლდება. ცილინდრული ფორმისაა, ძირისკენ გამსხვილებულია, ზოგჯერ ოდნავ მოღუნულია, თავიდან — შიგნით ბოჭკოვანია, ხოლო შემდეგ —ფუყეა. სოკოს ტექსტურა აბრეშუმისებრ-ბოჭკოვანია. ქუდთან ახლოს აქვს განიერი და საკმაოდ მოზრდილი მოთეთრო, ჩამოკიდებული საყელო. მისი ზედაპირი გლუვია, ხოლო ქვედა მხარე კიდეზე მოყვითალო ნაფიფქითაა ვოლვის გარეშე.
ფირფიტები ხშირია, ფეხთან თავისუფალი, მონაცრისფერო-მოვარდისფერო, მურა-წაბლისფერი ან თითქმის შავია.
სოკოს სპორები ყავისფერია, კვერცხისებრი ფორმის, გლუვი ზედაპირით, ერთი ან ორი ფლუერსეცენტული წვეთით, რბილობი მოთეთროა. ახასიათებს ნუშის სუნი.
იგი იზრდება ზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ფოთლოვან და წიწოვან ტყეებსა და ტყისპირებში.
გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აფრიკაში. საჭმელად ვარგისია.
ტყისპირა ქამა ხშირად შეიძლება აგვერიოს შხამაში (Amanita phalloides), რომელიც მომაკვდინებლად შხამიანია. ტყისპირა ქამასაგან განსხვავებით, შხამას არ ახასიათებს ნუშის სუნი. შხამას ფირფიტები ყოველთვის თეთრია და ფეხის ძირში აქვს ვოლვა. ტყისპირა ქამა შეიძლება აგვერიოს შხამიან ქამაშიც (Agaricus xanthodermus), რომელიც, ტყისპირა ქამასგან განსხვავებით, ხასიათდება ფენოლის მძაფრი სუნით და ფეხის ძირში გადატეხისას სწრაფად ყვითლდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯორჯაძე ი., საქართველოს სოკოები, საველე გზამკვლევი, CENN-ის გამომცემლობა, თბ., 2024, გვ. 132-133, ISBN 978-9941-8-4547-5