ტყარშეტის მამაწმინდის ეკლესია

ტყარშეტის მამაწმინდის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ტყარშეტის ჩრდილო-დასავლეთით, კლდეზე. თარიღდება განვითარებული შუა საუკნუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (7,9x5,6 მეტრი), უაფსიდო. ნაგებია ტლანქად დამუშავებული ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით. ძლიერ დაზიანებულია, კერძოდ ჩამოშლილია კამარა, დანგრეულია სამხრეთ და დასავლეთ კედლების უმეტესი ნაწილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი შიგნით და გარედან თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხეველია, რომელიც დარბაზისგან გამოყოფილია წყვილი პილასტრით. მსგავსი პილასტრებია საკურთხევლის აღმოსავლეთ კუთხებშიც. პილასტრებს საკურთხევლის ცილინდრული კამარის საბჟენი თაღები ეყრდნობოდა (შემორჩენილია ჩრდილოეთის ორივე პილასტრის საბჯენი თაღის ქუსლებთან ერთად და კამარის ჩრდილოეთის ქუსლის ნაწილი). აღმოსავლეთ კედელში, ერთიმეორის თავზე, სხვადასხვა ზომის თითო ნიშია. აქვე, კედელთან, მიდგმულია კუბური ფორმის ტრაპეზი. საკურთხევლის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების ქვედა ნაწილებში თითო ყრუ თაღია. დარბაზის ჩრდილოეთ კედლის შუაში შეკიდებული პილასტრი და მასზე დაყრდნობილი საბჯენი თაღის ქუსლია შემორჩენილი. დასავლეთ კედლის შემორჩენილ (ჩრდილო) ნაწილში სარკმლის კვალი ჩანს. ეკლესიის კედლები დასრულებული ყოფილა თაროსებრი ლავგარდნით, რომლის ორი ქვა ჩრდილო-დასავლეთის კუთხის თავზეა შემორჩენილი. აღმოსავლეთიდან ეკლესიას ეკვრის რამდენიმე აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით წაგრძელებული პატარა ეზო (დაახლოებით 17x8,7 მეტრი), რომელიც ტეხილი მოხაზულობის გალავნითაა (სიმაღლე 2,8 მეტრი) შემოფარგლული. გალავნის აღმოსავლეთ კედლის შუაში მცირე ზომის სწორკუთხა კარია. კარის ერთ მხარეს ნიშია, მეორე მარეს — სათოფური. ერთი სათოფური და ერთი ნიში გალავნის ჩრდილოეთ კედელშიცაა. ეზოში, ეკლესიის წინ, პატარა შემაღლებაზე მოწყობილ ქვის ბაძისზე დგას ჯვრისგამოსახულებიანი მოზრდილი ქვა, რომელსაც აგილმდებარეობა მკვიდრნი მამაწმიდის ხატს უწოდებენ. აქვე სიპით გადახურულ ორმოში ინახება ხატის განძი: ვერცხლისა და სპილენძის ჯვრები. წარწერიანი და უწარწერო თასები (ერთი არაბულწარწერიანი) და სხვა. წარწერები შემომწირველთა ვინაობას გვამცნობს.

დღეობა (მამაწმინდობა) იმართება ივნისში: ხატთან მიჰყავთ ბავშვები (ხიზანი) და ლოცულობენ. ხატის მახლობლად შემორჩენილია ოთხკუთხა კოშკის ნანგრევები. კოშკს შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. კარის თავზე გამოსახულია რამდენიმე ჯვარი. ფასადზე მხედრული წარწერის ნაშთია. ამავე კედელშია გაჭრილი ორი სათოფურიც. ჯვრის გამოსახულებები და წარწერიანი ქვა ჩრდილოეთის ფასადზეცაა.

ლიტერატურა

რედაქტირება