ტოლოშის წმინდა თევდორე ტირონის ეკლესია

ტოლოშის წმინდა თევდორე ტირონის ეკლესია — ქართული მართლმადიდებლური ეკლესია სოფელ ტოლოშის აღმოსავლეთ ნაწილში.

არქიტექტურული აღწერა

რედაქტირება

ეკლესია დარბაზულია (გარე ზომებია: 6,6 X 12,7 მ.). საშენ მასალად ადგილობრივი პირმოსწორებული ნატეხი ქვაა გამოყენებული, კუთხეები ამოყვანილია შედარებით დიდი ზომის გათლილი ქვით. ეკლესია გარედან შეთეთრებულია, მაგრამ წყობის ხასიათი მაინც იკითხება. ეკლესიაში ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა, ღიობი გადახურულია შავი ფერის გათლილი ფოროვანი ბაზალტის არქიტრავით, მის ზემოთ ასეთივე ქვის თაღოვანი ლუნეტია გამოყვანილი (ლუნეტის ღიობი ამოვსებულია გვიანდელი გადაკეთების დროს).

დარბაზის სივრცე ერთსაფეხურიანი პილასტრებითაა და საბჯენი თაღით ორ ნაწილად იყოფა. საკურთხეველში სარკმლის ჩრდილოეთით ორი ნიშია. ტაძარი ყოველ მხარეს თითო სარკმლით ნათდება, სარკმლები ეკლესიისათვის უჩვეულოდ განიერია და ნათლად ეტყობა XIX საუკუნის გადაკეთების კვალი. იმავე XIX საუკუნეში ტაძრის გადახურვის დასავლეთ კეხზე აგურის ოთხსვეტიანი სამრეკლოა აღმართული. ტაძრის ფასადები თაროსებრი კარნიზითაა დასრულებული. სახურავი შემოსილია კრამიტით. დასავლეთის ფასადზე, სამხრეთ-დასავლეთის კუთხეში, სტელა ჯვრის მოზრდილი ფრაგმენტია ჩართული (ქვა დაწვენილია და ზედ ჯვრის კონტურია ამოღარული).

ტოლოშის ტაძრის თავდაპირველი ნაგებობის მხოლოდ ერთი შესასვლელი და მის ზემოთ მოწყობილი ლუნეტი შემორჩა (თავდაპირველი ეკლესიის სხვა ელემენტები შესაძლოა ტაძრის გაწმენდის შემდეგ გამოჩნდეს). ლუნეტის გამოყენება ამ რეგიონისათვის უცხო არაა, ქართულ ხუროთმოძღვრებაში ასეთი ელემენტი ადრეულ შუასაუკუნეებში და გარდამავალ ხანაში გვხვდება (IV-X საუკუნეები). სტელა ჯვრის ჩაშენება ტაძარში IX-X საუკუნეების მოვლენაა.

ტოლოშის თავდაპირველი ეკელსია IX-X საუკუნეების ნაგებობა იყო, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს მნიშვნელოვნად გადააკეთეს ან აღადგინეს და ფასადის კეხზე სამრეკლოს ფანჩატური დაადგეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გ. მარსაგიშვილი, „ტოლოშის წმინდა თევდორე ტირონის ეკლესია“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ. 2013, გვ. 492-493