ტიტე მარგველაშვილი
ტიტე მარგველაშვილი თადეოზის ძე (დ. 1891 — გ. 17 ოქტომბერი, 1946) — ეროვნულ-დემოკრატი, ფილოსოფოსი და ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფია
რედაქტირებატიტე მარგველაშვილმა განათლება მიიღო ჰალეს უნივერსიტეტში, გერმანიაში. 1914 წელს ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „კოლხეთი, იბერია და ალბანეთი ძვ. წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის მიჯნაზე, სტრაბონის განსაკუთრებული გათვალისწინებით“.[1] ამის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და ქუთაისში გიმნაზიის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. პარალელურად აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს ქართულ პრესაში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გდაიხვეწა გერმანიაში. იქ ხელმძღვანელობდა ქართულ სათვისტომოს და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქართველ ემიგრანტთა შორის. იგი კითხულობდა ლექციებს ბერლინის უნივერსიტეტში ფილოსოფიისა და აღმოსავლეთმცოდნეობის განხრით. 1933 წელს გახდა ბერლინში შექმნილი „ქართველ ნაციონალისტთა ორგანიზაციის“ პირველი თავმჯდომარე.[1] 1945 წელის დეკემბერში აღმოსავლეთ ბერლინში შალვა ნუცუბიძესთან შეხვედრის დროს საბჭოთა უშიშროების აგენტებმა დააპატიმრეს და თბილისში გადმოიყვანეს. 1946 წლის 17 ოქტომბერს ტიტე მარგველაშვილი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დახვრიტეს.
ცოლად ჰყავდა ქუთაისელი ექიმის სიმონ ხეჩინაშვილის ქალიშვილი მარიამი (მარუსი, დ. 1896 — გ. 1933), რომელმაც ემიგრაციაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მათი შვილი იყო შემდგომში ცნობილი ფილოსოფოსი და მწერალი გივი მარგველაშვილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჭუმბურიძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 255.