პარტახტიანი ტიფი
პარტახტიანი ტიფი, ეპიდემიური ტიფი, ტილის ტიფი[1] — ეპიდემიური ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება ციკლური მიმდინარებით, ცხელებით, სპეციფიკური ეგზანთემით, ცენტრალური ნერვული სისტემისა და სისხლძარღვების დაზიანებით.
ეტიოლოგია
რედაქტირებადაავადების გამომწვევია პროვაჩეკის რიკეტსია – Rickettsia prowazekii; ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი; ინფექციის გადამტანია ტანსაცმლის ტილი. თავისა და ბოქვენის ტილები ასევე შესაძლოა იყვნენ გადამტანები, მაგრამ მათი ეპიდემიოლოგიური როლი შედარებით ნაკლებია. ინფექციური პროცესი პარტახტიანი ტიფის დროს მიმდინარეობს მყარი და ხანგრძლივი იმუნიტეტის განვითარებით.
კლინიკა
რედაქტირებაინკუბაციური პერიოდი მერყეობს 5-დან 25 დღემდე. განასხვავებენ დაავადების მსუბუქ, საშუალოდ მძიმე, მძიმე და ძალიან მძიმე მიმდინარეობას. დაავადება იწყება ტემპერატურის მომატებით, თავბრუსხვევით და თავის ტკივილით, სისუსტით, შემცივნებით და ოფლიანობით, დამტვრეულობის შეგრძნებით მთელს სხეულში, წყურვილითა და მადის დაქვეითებით. აღნიშნული მოვლენები სწრაფად ძლიერდება, განსაკუთრებით მატულობს თავის ტკივილი. აღინიშნება უძილობა, ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, ეიფორიისა და აგზნების მდგომარეობები. გამოხატულია სახისა და კონიუნქტივის ჰიპერემია. ავადმყოფობის მესამე დღეზე ჩნდება გამონაყარი, რომელიც მდებარეობს კონიუნქტივის გარდამავალ ნაოჭებზე ერთეული პეტექიების სახით, ასევე ენანთემა რბილ სასაზე; დიდდება ელენთა, აღინიშნება ზომიერი ქოშინი, ტაქიკარდია, გულის ტონების მოყრუება. ავადმყოფობის მე – 4 – 6 დღეზე ჩნდება უხვი როზეოლურ – პეტექიური გამონაყარი გულმკერდის, მუცლის, ზედა კიდურების მომხრელების კანზე. გამონაყრის ელემენტებს 3 – 5 დღის განმავლობაში აქვთ ვარდისფერი, წითელი ან ციანოზური შეფერილობა, შემდგომში ისინი ფერმკრთალდება, ხოლო პეტექიები ხდებიან პიგმენტირებულნი. დაახლოებით 7 – 9 დღის შემდეგ გამონაყარი ქრება. გამონაყრის გამოჩენასთან ერთად უფრო გამოხატულია კონიუნქტივალური გამონაყარი და ენანთემა, ასევე დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ. ქვეითდება არტერიული წნევა, აღინიშნება გულის ტონების მოყრუება და საზღვრების გადიდება, სისუსტე, თავის ტკივილი, უძილობა; დამახასიათებელია აგზნება, მოუსვენრობა; ვლინდება თავის ტვინის გარსების დაზიანების სიმპტომები: სუსტადაა გამოხატული კეფის კუნთების რიგიდობა. ავადმყოფს მადა დაქვეითებული აქვს; ენა მშრალია, დაფარულია რუხი – ჭუჭყისფერი ნადებით, ღვიძლი და ელენთა გადიდებულია. სხეულის ტემპერატურა დაავადების მე – 5 დღეზე აღწევს მაქსიმუმს (39 – 400) და ნარჩუნდება 12 – 14 დღემდე, შემდგომი 2 – 3 დღის განმავლობაში ნორმალიზაციით. გამოჯანრთელება იწყება ტემპერატურის დაქვეითებით და ინტოქსიკაციის შემცირებით. ნორმალური ტემპერატურის მე – 3 – 5 დღეზე ღვიძლი და ელენთა ნორმაში დგება; სრული გამოჯანმრთელება დგება დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ტემპერატურის ნორმალიზაციიდან. გართულებები: პნევმონია, ვენების თრომბოზი, ოტიტები და სხვ.
დიაგნოზი
რედაქტირებადიაგნოზის დასადასტურებლად გამოიყენება კომპლემენტის შებოჭვის რეაქცია პროვაცეკის რიკეტსიებთან და აგლუტინაციის რეაქცია. ანტისხეულები ვლინდება დაავადების მე – 2 კვირაზე.
მკურნალობა
რედაქტირებაინიშნება ანტიბიოტიკები; პროგნოზი კეთილსაიმედოა. პროფილაქტიკა. რეკონვალესცენტებს გამოწერენ ტემპერატურის ნორმალიზაციიდან მე – 12 დღეზე. ეპიდემიოლოგიური ჩვენების მიხედვით ტარდება სპეციფიკური პროფილაქტიკა.
ლიტერატურა
რედაქტირება- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გოგიჩაძე გ., გედენიძე ა., ჭუმბურიძე ჯ., პარტახტიანი (ეპიდემიური, ტილის) ტიფი // სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი, თბ.: „მერიდიანი“, 2009, ISBN 978-9941-10-174-8.