ტილიანობა — კანის პარაზიტული დაავადება. ტილიანობას იწვევს კანის პარაზიტი, რომელიც ადამიანის სისხლით იკვებება და მთელ ცხოვრებას ადამიანის სხეულზე ატარებს. ინფექციის წყარო ადამიანია. არსებობს სამი სახის ტილი: თავის, ტანსაცმლისა და ბოქვენის.

თავის ტილი ძირითადად პარაზიტობს თავის თმაზე, აგრეთვე წარბებზე, წამწამებზე, იქვე დებს კვერცხებს — წილებს. კლინიკურად დაავადებისათვის დამახასიათებელია: ქავილი, კვანძოვანი და ლაქოვანი გამონაყარი ნაკბენზე. ქავილის შედეგად ღიზიანდება კანი და შეიძლება ანთებითი პროცესები განვითარდეს. პათოლოგიური პროცესი ყურების უკანა კანზე, ყურებსა და კისერზე ვრცელდება. დიდდება ახლომდებარე ლიმფური კვანძები, ვითარდება ანთება. მკურნალობის გარეშე პროცესი დიდი ხნით ჭიანურდება.

ტანსაცმლის ტილი პარაზიტობს იმ ადგილებში, სადაც ტანსაცმლის ნაოჭები კანს ეხება — მხრებზე, ბეჭებზე, იღლიებში, მუცელზე, წელზე, საზარდულის მიდამოში. ნაკბენის ადგილას ჩნდება სისხლძარღვოვანი ლაქა, შემდეგ — კვანძოვან-ურტიკარული გამონაყარი. აღინიშნება ძლიერი ქავილი, რის შედეგადაც შეიძლება გაჩნდეს ნაკაწრები და მეორეული ინფექცია ჩირქოვანი ანთების სახით. თუ დაავადება ხანგრძლივად მიმდინარეობს, აღნიშნულ ადგილებზე კანი სქელდება, იქერცლება, იძენს ღია ყავისფერ ან მორუხო შეფერილობას. პათოლოგიური პროცესის ალაგების (გავლის) შემდეგ რჩება ჰიპერპიგმენტირებული ლაქა.

ბოქვენის ტილი პარაზიტობს ბოქვენის თმაზე, მუცლის ქვედა ნაწილში, თეძოებზე, შეიძლება აცოცდეს იღლიის ფოსოებამდე, მკერდამდე და იშვიათად წვერ-ულვაშამდე. ძირითადად ავადდებიან მოზრდილები სქესობრივი კონტაქტის შემდეგ. ტილი ებღაუჭება თმის ძირს. ბოქვენის ტილის ნაკბენს არ ახასიათებს გამოკვეთილი ქავილი, ამიტომ იშვიათად ჩნდება ნაკაწრები და ჩირქოვანი პროცესები. ტილის თმაზე მიმაგრების ადგილას ჩნდება 1 სმ დიამეტრის, დამახასიათებელი მოლურჯო-რუხი ლაქა.

დიაგნოსტიკა

რედაქტირება

დიაგნოზს სვამენ კლინიკური დათვალიერებისა და, საჭიროების შემთხვევაში, პარაზიტული გამოკვლევის შედეგად.

მკურნალობა

რედაქტირება

ჩირქოვანი ანთებითი პროცესით გართულებული ტილიანობის შემთხვევაში საჭიროა ანტიბაქტერიული ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა, ხოლო შემდეგ ტილების საწინააღმდეგო მკურნალობა. ტილიანობის სამკურნალო ფარმაცევტული სითხისა და შამპუნების შეძენა შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშე აფთიაქებში.

პროფილაქტიკა

რედაქტირება

ტილიანობის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა გულისხმობს პირადი ჰიგიენის დაცვას, პირადი მოხმარების ნივთების (სავარცხელი, პირსახოცი, თეთრეული, ტანსაცმელი და სხვ.) დეზინფექციას.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია, თბ., 2015

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Head lice: Biology and Management at IdentifyUS LLC
  • National Pediculosis Association
  • Barbara L. Frankowski; Leonard B. Weiner (1 September 2002). „Head Lice“. Pediatrics. 110 (3): 638–43. PMID 12205271. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ოქტომბერი 2008. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2016.
  • Morewitz H. (2005)A Brief History of Head Lice.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-04.
  • Speare R. (2007)Head Lice Information Sheet. James Cook University, N. Queensland, Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-29.
  • Pediculus humanus facts, life cycle and head lice treatment overview at MetaPathogen დაარქივებული 2015-07-15 საიტზე Wayback Machine.