ტეფის პირველი ციხე-სახლი

ტეფის პირველი ციხე-სახლი — სახლი, არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს სოფელ ტეფის განაპირას, ქვემო უბანში. შედგება კოშკისა და საცხოვრებელი ნაგებობებისაგან. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით. ნაგებია ფიქლით.

კოშკი (6x5,6 მეტრი) სათავდაცვოა. იგი მთელი კომპლექსის არქიტექტურული დომინანტია. შემორჩენილია სამი სართულის სიმაღლეზე, ჩანგრეულია სართულშუა გადახურვები. შესასვლელი მეორე სართულზეა, დასავლეთიდან. პირველი სართულის კედლები ყრუა. მეორე სართულზე, სამხრეთითა და აღმოსავლეთით თითო სარკმელია. ამ ორი სართულის ინტერიერში კუთხეები მომრგვალებულია. მესამე სართულის ჩრდილოეთ კედელში მოზრდილი მართკუთხა ნიშია, სამხრეთ კედელში — სწორკუთხა კარი და კვადრატული მოხაზულობის სარკმელი. კარი, სამხრეთის მხრიდან მიშენებული სათავსის ბანზე გადიოდა.

საცხოვრებელი ნაგებობა (12x8 მეტრი) ორსართულიანია. ორივე სართულზე ორ-ორი სათავსია. პირველ სართულზე სამეურნეო სათავსები იყო. დასავლეთით — საჭირნახულო, აღმოსავლეთით — საქონლის სადგომი. პირველი სართული მეორეს ქვის კიბით უკავშირდება. კიბე ღია აივანზე ადის. ამჟამად საცხოვრებელი ფართი სამ ნაწილადაა გატიხრული. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარიდან „წინამოში“ ვხვდებით. მის გვერდით პატარა ოთახია, სიღრმეში — დიდი. „წინამოს“ ერთი და დიდი ოთახის ერთი სარკმელი დასავლეთიდანაა. პატარა ოთახის ერთი სარკმელი — სამხრეთით. დიდი ოთახის ცენტრში ხის სვეტია, რომელიც გადახურვის ხის ძელს იჭერს. ასევეა პირველ სართულზეც. შენობას ბრტყელი გადახურვა აქვს. მოგვიანებით (XIX საუკუნეში) კოშკისა და საცხოვრებელი ნაგებობის აღმოსავლეთ სათავსისთვის სამხრეთიდან საცხოვრებელი შენობა (10x5 მეტრი) მიუშენებიათ. აქაც პირველი სართული სამეურნეო დანიშნულებისაა, მეორე — საცხოვრებელი. პირველ სართულზე შესასვლელი სამხრეთიდანაა. აქ ორი სათავსია. პირველი სათავსის თავზე მეორე სართულის ბანია, რომელზეც თავდაპირველი ნაწილის აივნიდან ვხვდებით. მეორე სათავსის თავზე საცხოვრებელი ოთახია. მასში შესასვლელი დასავლეთიდანაა, პირველი სართულის ბანიდან. ოთახის სამხრეთ კედელში ორი სწორკუთხა სარკმელია. სამხრეთით იყო ხის დაკიდებული აივანიც. რომლის მხოლოდ საყრდენი ძელებიღაა შემორჩენილი.

ლიტერატურა

რედაქტირება