ტერნატე (ასევე ცნობილი როგორც ქალაქი ტერნატე) ― ქალაქი ჩრდილოეთ მოლუკუს პროვინციაში, ინდონეზიაში და კუნძული მოლუკის კუნძულებზე. ტერნატე ჩრდილოეთ მოლუკუს დე ფაქტო პროვინციული დედაქალაქი იყო მანამ, სანამ ჰალმაჰერის მახლობელ სანაპიროზე მდებარე სოფიფი გახდებოდა დედაქალაქი 2010 წელს. იგი ჰალმაჰერის დასავლეთ სანაპიროსგან მოშორებით მდებარეობს და რვა კუნძულისგან შედგება: ტერნატე, ქალაქის უდიდესი და მთავარი კუნძული; მოტი, ჰირი, ტიფურე, მაიაუ, მაკა, მანო და გურიდა. ქალაქის ჯამური ფართობი 162.20 კმ²-ია. 2010 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობა 185 705 ადამიანს შეადგენდა.[3] მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 264 ადამიანია 1 კმ²-ზე. ტერნატე პროვინციის უდიდესი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, ისევე როგორც ჩრდილოეთ მოლუკუს ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი და მეზობელი რეგიონებისთვის ამ აქტივობების კერის ფუნქციას ასრულებს. XV-XVI საუკუნეებში იგი ტერნატის სასულთნოს დედაქალაქი იყო და ტიდორეს სასულთნოს ეცილებოდა მოლუკის კუნძულებზე სანელებლების ვაჭრობაში კონტროლის მოსაპოვებლად, სანამ რეგიონში ევროპული ძალები გაბატონდებოდნენ.

დასახლებული პუნქტი
ტერნატე
ინდონ. Kota Ternate
გერბი


Maku Gawene
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
შიდა დაყოფა Pulau Batang Dua[1] , Pulau Ternate[1] , Moti[1] , Pulau Hiri[1] , South Kota Ternate[1] , Ternate Tengah[1] , North Kota Ternate[1] და West Ternate[1]
კოორდინატები 0°47′00″ ჩ. გ. 127°22′00″ ა. გ. / 0.78333° ჩ. გ. 127.36667° ა. გ. / 0.78333; 127.36667
დაარსდა 29 დეკემბერი, 1250
ფართობი 162.03 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 371 მეტრი
მოსახლეობა 204 215 (2014)[2]
სატელეფონო კოდი 62921
ოფიციალური საიტი http://www.ternatekota.go.id/
ტერნატე — ინდონეზია
ტერნატე

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ჩრდილოეთ მოლუკის კუნძულების რუკა დიდი აღმოჩენების პერიოდში. ვილემ ბლაუ, 1630

ტერნატე ძალიან აქტიურ სეისმურ რეგიონში მდებარეობს, რის გამოც ვულკანური აქტივობები და მიწისძვრები ხშირია. იგი იმ კუნძულთა ჯგუფშია, რომელიც წყნარი ოკეანის ცეცხლოვან სარტყელში შედის.[4] მთავარი ვულკანური წარმოშობის მწვერვალია გამალამა (ზღვის დონიდან 1 715 მეტრი). ვულკანი 1840, 1980, 1983, 1994 და 2011 წლებში ამოიფრქვა.[5] 2011 წლის ამოფრქვევის დროს ინდონეზიამ ვულკანის ახლოს მდებარე ადგილობრივი აეროპორტი რამდენიმე დღით დახურა, რადგანაც ამოფრქვეული ფერფლის სიმაღლემ ატმოსფეროში 2 000 მეტრს მიაღწია.[6]

ტერნატეს მთისწინეთებში მიხაკის ხეების კორომებია და ვულკანის მწვერვალზე აცოცებაა შესაძლებელი. აეროპორტი კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ტერნატეს ჩრდილოეთ წვერთან ვულკანური წარმოშობის კუნძული ჰირი მდებარეობს. კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ნიანგებით სავსე ტოლირეს ტბა მდებარეობს, რომელსაც ციცაბო კლდეები ესაზღვრება. ტერნატეს პლაჟებს შორისაა: სულამადაჰა ― ჩრდილოეთით, აფეტადუმა და ჯოუბურიკი ― დასავლეთით და სოფელ კასტელის პლაჟი სამხრეთ-აღმოსავლეთით.[5]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით ტერნატე ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს და მთელი წლის განმავლობაში ძლიერი წვიმებით ხასიათდება.

ჰავის მონაცემები — ტერნატე
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 29.4 29.5 29.4 30.2 29.9 29.6 29.3 30.0 29.9 30.2 30.5 29.1 29.8
საშუალო დღიური °C 25.8 25.9 25.8 26.4 26.3 26.0 25.8 26.3 25.9 26.0 26.6 25.4 26.0
საშუალო დაბალი °C 22.2 22.3 22.3 22.6 22.7 22.5 22.3 22.6 21.9 21.9 22.7 21.8 22.3
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 200 186 183 225 244 210 158 127 125 140 197 204 2 199
წყარო: Climate-Data.org[7]

დემოგრაფია

რედაქტირება
 
კუნძულ ტერნატეს კოლონიური ხანის ნახატი, დაახლოებით 1883–1889 წლები

მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზე სამხრეთ ტერნატეს რაიონია. 2022 წლის მონაცემებით, რაიონში 74 960 ადამიანი ცხოვრობს. ყველაზე ცოტა მკვიდრი კუნძულ დუას რაიონს ჰყავს, 2 820 ადამიანი.[8] სქესობრივი თანაფარდობაა: 101 კაცი 100 ქალზე. ინდონეზიის სხვა ადგილების მსგავსად, მოსახლეობა შედარებით ახალგაზრდაა. 15 წელზე უფროსი ასაკის მოსახელობა 181 439 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი 2019 წელს 2.21%-ს შეადგენდა.[9][10]

ტერნატეს მკვიდრთა უმრავლესობა მუსლიმია.[11] რელიგიურ უმცირესობას მიეკუთვნებიან პროტესტანტები, რომლებიც მეტწილად მეზობელი რეგიონებიდან ჩასული მიგრანტები არიან. ტერნატეს ადგილობრივი მაცხოვრებლები ტერნატეს ენაზე საუბრობენ, რომელიც დასავლეტ პაპუის ენების ჩრდილოეთ ჰალმაჰერის შტოს მიეკუთვნება.[11]

მმართველობა

რედაქტირება

2010 წლისთვის ქალაქი ტერნატე (რომელიც მთავარ კუნძულთან ერთად მეზობელ დიდ და პატარა კუნძულებსაც მოიცავს) 7 რაიონად იყოფოდა. 2018 წელს კუნძულის დასავლეთით მერვე რაიონი (ტერნატე-ბარატი) შეიქმნა. ხუთი რაიონი კუნძულ ტერნატეზე მდებარეობს, ხოლო დანარჩენი სამი მეზობელ პატარა კუნძულებზეა განთავსებული.

ინდონეზიის სხვა ქალაქების მსგავსად, ადგილობრივი მთავრობა მეორე დონის ადმინისტრაციული დანაყოფია. ქალაქის პარლამენტს მერი და ვიცე-მერი ხელმძღვანელობენ და ქალაქი სარეგენტოების ექვივალენტურია.[12] აღმასრულებელი ხელისუფლება მერისა და ვიცე-მერის ხელშია, ხოლო საკანონმდებლო ვალდებულებებს ადგილობრივი პარლამენტი ასრულებს. მერი, ვიცე-მერი და პარლამენტის წევრები მოსახლეობის მიერ ადგილობრივ არჩევნებში აირჩევიან.[13] რაიონების ხელმძღვანელებს პირდაპირი წესით ნიშნავს ქალაქის მერი ქალაქის სამდივნოს რეკომენდაციით.[14][15]

ტერნატე ჩრდილოეთ მოლუკუს პირველ სარჩევნო რაიონს მიეკუთვნება დასავლეთ ჰალმაჰერის სარეგენტოსთან ერთად. სარეგენტოდან და ქალაქიდან პროვინციულ პარლლამენტში 45-დან 12 წევრი აირჩევა. ქალქი ოთხ საარჩევნო უბანს მოიცავს და ჯამში 30 წარმომადგენელს ირჩევს.[16] პირველ საარჩევნო უბანს ცენტრალური ტერნატე წარმოადგენს, საიდანაც ქალაქის პარლამენტის 8 წევრს ირჩევენ, მეორე საარჩევნო უბანი ჩრდილოეთი ტერნატეა 7 ადგილით, მესამე ― სამხრეთი ტერნატე და კუნძულ მოტის რაიონები (12 ადგილი), მეოთხე საარჩევნო უბანი კი კუნძულ ჰირისა და ბატანგ-დუას კუნძულის რაიონებს მოიცავს, საიდანაც 3 წევრს ირჩევენ.[16]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

დამატებითი საკითხავი

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 Indonesian Minister of Home Affairs Decree Number 050-145 of 2022
  2. Statistics Indonesia
  3. Biro Pusat Statistik, Jakarta, 2011.
  4. Indonesia quake triggers brief tsunami alert (15 November 2014).
  5. 5.0 5.1 Witton, Patrick (2003). Indonesia. Melbourne: Lonely Planet, გვ. 821–822. ISBN 1-74059-154-2. 
  6. Indonesia Closes Airport after Volcano Erupts (December 5, 2011).
  7. Climate: Ternate. Climate-Data.org. ციტირების თარიღი: August 9, 2020
  8. Badan Pusat Statistik, Jakarta, 2023, Kota Ternate Dalam Angka 2023 (Katalog-BPS 1102001.8271)
  9. Badan Pusat Statistik. ციტირების თარიღი: 2021-08-04
  10. Badan Pusat Statistik. ციტირების თარიღი: 2021-08-04
  11. 11.0 11.1 Lewis, M. Paul. (2009)Ternate - A language of Indonesia (Maluku). Ethnologue: Languages of the World, Sixteenth edition. SIL International.
  12. UU 22 1999.
  13. UU 8 2015.
  14. PP No. 17 Tahun 2018 tentang Kecamatan [JDIH BPK RI]. ციტირების თარიღი: 2021-04-16
  15. Government Law No.19 1998
  16. 16.0 16.1 Keputusan KPU Nomor 295/PL.01.3-Kpt/06/KPU/IV/2018 tentang Penetapan Daerah Pemilihan dan Alokasi Kursi Anggota Dewan Perwakilan Rakyat Daerah Provinsi dan Dewan Perwakilan Rakyat Daerah Kabupaten/Kota di Wilayah Provinsi Maluku Utara dalam Pemilihan Umum Tahun 2019. KPU RI (2018-04-04). ციტირების თარიღი: 2021-01-25