ტელეარხი 25
ტელეარხი 25 — ქართული ტელეკომპანია. იგი 1993 წლის 15 ივნისს დაარსდა. მისი მაუწყებლობის არეალი მოიცავს ქალაქ ბათუმს, ქობულეთს, ხელვაჩაურს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნაწილს და ზღვისპირა ზოლს სარფიდან ქალაქ ფოთამდე.
ტელეარხი 25 შპს „ტელეკომპანია ტელეარხი 25“ | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
მაუწყებლობის ზონა | ბათუმი-ფოთი |
მაუწყებლობის არხი | UHF 25 (ბათუმი) |
დაფუძნდა | 15 ივნისი, 1993 |
საიტი | www.tv25.ge |
ისტორია
რედაქტირებათავისი მაუწყებლობა ტელევიზიამ საყოფაცხოვრებო ტექნიკით დაიწყო. თუმცა, საქართველოს სატელევიზიო ქსელისა და არასამთავრობო ფონდების დახმარების შედეგად, 1995—1996 წლებში „ტელეარხი 25“ საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო რეგიონულ ტელეკომპანიად ჩამოყალიბდა. თუმცა, აჭარაში მოქმედი ასლან აბაშიძის ავტოკრატიული რეჟიმის გამო, ტელეკომპანიას არაერთხელ მოსვლია რეგიონულ მთავრობასთან უსიამოვნება. „აჭარის ხელისუფლების მრავალწლიანი მცდელობა, დამფუძნებლებისათვის წაერთვა ტელევიზიის მართვის სადავეები, მუდამ უშედეგოდ მთავრდებოდა.“ — წერია ტელეკომპანიის ოფიციალურ საიტზე.
სწორედ ამიტომ, 2000 წლის 19 თებერვალს აჭარის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა „ტელეარხი 25“-ის ხელმძღვანელებს ძალით გააჩუქებინეს ტელეკომპანიის აქციათა საკონტროლო პაკეტი, რის შემდეგაც ტელევიზია უშუალოდ ასლან აბაშიძის მფლობელობაში გადავიდა.
მრავალწლიანი სასამართლო დავა მხოლოდ აჭარის ხავერდოვანმა რევოლუციამ დაასრულა, როცა ბათუმიდან თბილისში იძულებით გადასახლებულმა დამფუძნებლებმა 4 წლის წინ წართმეული ქონება უკან დაიბრუნეს.
თორმეტწლიანი არსებობის მანძილზე, ტელევიზიაში განხორციელდა არაერთი საინტერესო ტელე-პროექტი. მათ შორის: საინფორმაციო პროგრამა „ახალი ამბები“, ანალიტიკური თოქ-შოუ „მრავალწერტილი“, გადაცემა „ხელოვანთა გალერეა“, მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმი „საქართველოს ისტორიის ქრონიკები“, ტელესერიალი „ყავახანა“ და სხვა.
2006 წლის ზაფხულში „ტელეარხ 25“ ის ეთერში გადიოდა სტუდენტური გადაცემა "ობიექტივი", რომელზეც ბათუმის უმაღლესი სასწვლებლების ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები მუშაობდნენ. პროექტს "კანადის საერთაშორისო განვითარების ფონდი" აფინანსებდა.
საქართველოს იურიდიულ პირთა რეესტრის 2012 წლის თებერვლამდე „ტელეარხი-25“-ის წილების მფლობელები იყვნენ: მერაბი მერკვილაძე - 25%, გიორგი სურმანიძე - 50%, მალხაზი ვერძაძე - 25%.
2012 წლის თებერვალში „ტელეარხ 25“-ის 50%-იანი წილი ბიზნესმენ ჯემალ ვერძაძემ შეისყიდა. ამავე წლის 24 თებერვლის მონაცემებით ტელე-კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელად მითითებულია ლევან ქარდავა და 50%-იანი წილის მფლობელად - ჯემალ ვერძაძე;
ამჟამად „ტელეარხი 25“ აღჭურვილია უახლესი ციფრული აპარატურით. ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსა“ და IREX-ის თბილისის ოფისის მიერ ტელევიზიას გრანტის სახით გადაეცა ახალი ტექნიკა. მზადდება ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამა „მაცნე“, რომელიც აჭარაში მიმდინარე მოვლენებს მიმოიხილავს. მზადდება ყოველდღიური საბავშვო გადაცემა.
სამომავლო გეგმები
რედაქტირებაიგეგმება ახალი სატელევიზიო სერიალის დაწყება, ყოველკვირეული ანალიტიკური პროგრამის მომზადება, აგრეთვე სამაუწყებლო არეალის გაზრდა და აჭარის რეგიონის სრულად დაფარვა.