ტბეთის გორასამარხები
ტბეთის (ხადიკის) გორასამარხები — სხვადასხვა დროის არქეოლოგიური ძეგლები სოფელ ტბეთთან (ყოფ. ხადიკი; წალკის მუნიციპალიტეტი). 1947 წელს გათხარეს ადრინდელი ბრინჯაოს ხანის 2 გორასამარხი. № 1 გორასამარხის (დიამეტრი 25 მეტრი) დასავლეთ ნაწილში 2,10 მეტრ სიღრმეზე გამოვლინდა ძირითადი სამარხი. მასში მარჯვენა გვერდზე მოკუნტულად ესვენა მამაკაცი. ჩონჩხი წითლად იყო შეღებილი. სამარხში აღმოჩნდა არქაული ფორმის ჭურჭელი, აგრეთვე რქოსანი საქონლის ძვლები. აღნიშნულ გორასამარხში ჩაშვებული იყო ურარტული ხანის სამარხი. მიცვალებული დაკრძალული იყო მარჯვენა გვერდზე მოკრუნჩხულად. თავით აღმოსავლეთისაკენ, ჩატანებული ჰქონდა თიხის ჭურჭელი, იარაღი და სამკაული.
ადგილ ჯარგვალზე გათხარეს გვიანდელი ბრინჯაოს ხანის № 2 გორასამარხი, სადაც აღმოჩნდა ჩონჩხების ნაშთი, ჩატანებული თიხის ჭურჭელი, ცხოველის ძვლები. სამარხის ძირზე არის ცეცხლის კვალი, რომელიც გარკვეული რიტუალის შესრულებაზე მიუთითებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოგაძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 413.