სხლითის ეკლესია — არქიტექურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სხლითში. აგებულია VIII-IX საუკუნეებში.

სოფლის სამხრეთით სასაფლაოზე მდებარე დარბაზული ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის უხეშად თლილი ქვით; ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია წვრილი ქვით. ეკლესია გეგმით სწორკუთხაა. აღმოსავლეთით დასრულებულია სწორკუთხა საკურთხევლით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. ჩრდილოეთით ერთი ნიშია. აბსიდის ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლების თაღები კრონშტეინებს ეყრდნობა. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია ორსაფეხურიანი პილასტრებით.

გრძივი კედლები ორსაფეხურიანი პილასტრების საშუალებით ორ ნაწილად იყოფა. პილასტრების გვერდითა საფეხურებს კედლის თაღები ეყრდნობა; დასავლეთით თაღები კრონშტეინებს ებჯინება.

სამხრეთ კედელში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. ამავე კედელშია არქიტრავული შესასვლელი, რომლის შუა, ჩაკვეთილი არე დაბალი თაღითაა აქცენტირებული. ინტერიერი შელესილ-შეთეთრებულია. იატაკი მიწაყრილია. ეკლესიის ფასადები სადაა. ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესია შიფერით გადაუხურავს.

ეკლესიის კამარა და კონქი ჩამოქცეულია. ფასადებზე საპირე ქვები ბევრგან შემოცლილია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004