დავით სულიაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან სულიაშვილი, დავით)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სულიაშვილი.

დავით სოკრატეს ძე სულიაშვილი (დ. 10 ივნისი, 1884, დაბა სურამი — გ. 6 ნოემბერი, 1964, თბილისი) — ქართველი მწერალი, რევოლუციონერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

მამამ სოფლის ხელმოკლე დიაკვანმა გორში ჩამოიყვანა და მიაბარა სასულიერო სასწავლებელში. აქ არსებულმა ხალხოსნურმარევოლუციურმა განწყობამ სამუდამოდ განსაზღვრა ყმაწვილის სამომავლო გზა, რომელმაც იგი რევოლუციონერობამდე მიიყვანა. მონაწილეობდა მუშათა გაფიცვებში და მოძრაობებში, დაინტერესდა მარქსიზმით. 1903 წელს ლაიფციგში გაემგზავრა, აქ იგი დაუკავშირდა ვ. ლენინის მიმდევარ ემიგრანტთა ჯგუფებს. რეაქციის პერიოდში დ. სულიაშვილი დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში ჩასვეს, მაგრამ სხვებთან ერთად გაიქცა და მალე ემიგრაციაში წავიდა — ჯერ ლაიფციგში, შემდეგ ციურიხში ცხოვრობდა, სადაც პირადად გაიცნო ლენინი და ახლო ურთიერთობა დაამყარა მასთან. პატიმრობის დროს ლეო ქიაჩელს შეხვდა და მას შემდეგ განუყრელ მეგობრებად დარჩნენ. ლ. ქიაჩელის რჩევით დავით სულიაშვილმა პირველი მოთხრობა გაუგზავნა უცხოეთიდან „სახალხო ფურცლის“ რედაქციას. 1917 წლის აპრილში ლენინთან და მიხა ცხაკაიასთან ერთად დაბრუნდა რუსეთში.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ განაგრძო ლიტერატურული მოღვაწეობა. უპრეტენზიო შემოქმედმა, XX საუკუნის დამდეგის მღელვარე დღეების ამსახველი თავისი ქმნილებებით საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა ქართულ ლიტერატურაში. მწერლის კალამს ეკუთვნის მოთხრობები: „ნაღვერდალი“, „მეორე დღე“, „კლდე“, „ჩიკორი“ და სხვა. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“ ორდენებით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით დასაფლავებულია მისი მეუღლე — თამარ ზაალის ასული ვარსიმაშვილი (დ. 11 იანვარი, 1895, დაბა სურამი — გ. 1 აპრილი, 1958, თბილისი).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 325, თბ., 1994