სუბტროპიკული სარტყლების უდაბნოს ზონები
სუბტროპიკული სარტყლების უდაბნოს ზონები — ხმელეთის ბუნებრივი ზონები ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებში, სადაც განვითარებულია უდაბნოები. გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში (ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გასწვრივ), სამხრეთ აფრიკაში (პლატოებსა და დიდი კარუს მთათაშია ქვაბულებში), აზიაში (შუა აზიის სამხრეთით, ირანის მთიანეთზე, სირიისა და ერაყის ჩრდილოეთით, პამირისა და ტიბეტის მაღალმთიან რაიონებში), ავსტრალიის სამხრეთ ნაწილში, სამხრეთ ამერიკაში (ანდების აღმოსავლეთ კალთებზე და მთისწიბა ზოლში), ჩრდილოეთ ამერიკაში (მექსიკის მთიანეთის ჩრდილოეთით და დიდი აუზის სამხრეთ ნაწილში). ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სუბტროპიკული სარტყლების უდაბნოს ზონებში ზაფხული ცხელია (ჰაერის ტემპერატურა 25—35°C), ზამთარი გრილი (5—15°C). სიკვდილის ველის უდაბნო (აშშ) ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ადგილია დედამიწაზე (56,7°C). პამირისა და ტიბეტის მაღალმთიან უდაბნოებში ჰავა ცივია და კონტიტეტური. ზაფხულის ტემპერატურა 10—15°C არ აღემატება; ზამთარში იცის ყინვები — 15°C, — 20°C. ნალექები წელიწადში 200 მმ არ აღემატება, ზოგან 55 მმ-ზე ნაკლებია. ხმელეთის ზედაპირი წლის განმავლობაში იღებს 670—750 კჯ/სმ² (160—180 კკალ/სმ²) სითბოს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 592-593.