სუბტროპიკული სარტყლების ტყესტეპის ზონები

სუბტროპიკული სარტყლების ტყესტეპის ზონები — ბუნებრივი ზონები ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებში. დამახასიათებელია ტყისა და სტეპის ლანდშაფტების მონაცვლეობა. გავრცელებულია ჩრდილოეთი ამერიკის (ცენტრალურ ვაკეებსა და მექსიკისპირა დაბლობზე) და სამხრეთი ამერიკის (ბრაზილიის ზეგნის სამხრეთ ნაწილში და პამპის აღმოსავლეთით) სუბტროპიკებში. სუბტროპიკული სარტყლების ტყე-სტეპის ზონების ფრაგმენტებია აფრიკის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ავსტრალიაში (მდინარე მურეის აუზის უკიდურეს აღმოსავლეთი ნაწილი). ევრაზიაში თითქმის არ არის.

ჰავა სუბტროპიკულია, მუსონური. ზამთარი თბილი (ჰაერის ტემპერატურა 4—12°C) იცის, ზაფხული ცხელი (20—24°C). ხმელეთის ზედაპირი წლის განმავლობაში იღებს 210—250 კჯ/სმ² (50—60 კკალ/სმ²) სითბოს. ნალექები 600—1200 მმ წელიწადში, მაქსიმალური უმეტეს რაიონებში ზაფხულშია. სავეგეტაციო პერიოდი მთელი წლის მანძილზე გრძელდება. გავრცელებულია ბალახეული მცენარეულობა, ბუჩქნარი და ნათელი ტყე. ცხოველთა სამყარო სტეპური და სავანური სახეობებისაგან შედგება. სუბტროპიკული სარტყლების ტყე-სტეპის ზონები ფართოდ არის გამოყენებული მიწათმოქმედებისათვის (მარცვლეული კულტურები, ბამბა, საძოვრები). სუბტროპიკული სარტყლების ტყე-სტეპის ზონებში გამოიყოფა სავანის (მშრალი ჰავა, ბალახეულობის სიჭარბე) და პრერიების ქვეზონები (შედარებით ნოტიო გრილი ჰავა, სტეპური ტიპის ბალახეული)

ლიტერატურა

რედაქტირება