სტერილური ცხოველები
სტერილური ცხოველები, უმიკრობო ცხოველები — ყველა მიკროორგანიზმისაგან, მათ შორის ვირუსებისაგან, აგრეთვე მიკროპარაზიტებისაგან თავისუფალი ცხოველები. სტერილური ცხოველების გამოყენება მედიცინის სხვადასხვა დარგში მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა და მან განსაზღვრა XX საუკუნის 60-ინ წლებში დამოუკიდებელი მეცნიერული დისციპლინის — გნოტობიოლოგიის ჩამოყალიბება. გნოტობიოლოგიის მეთოდებსა და პინციპებს იყენებენ აგრეთვე კლინიკურ მედიცინაში საოპერაციო ჭრილობებისა და გარეშე მიკროფლორისაგან ავადმყოფის სრული იზოლაციისათვის (ასეპტიკა).
სტერილური ცხოველებს იღებენ საშვილოსნოდან ნაყოფის სტერილურად მოცილებით (ჰისტეროტომია, ჰისტერექტომია) ან მწერების, ფრინველების და სხვა გაუვნებლებული კვერცხების ინფუბაციით და შთამომავლობის შემგომი გამოზრდით სპეციალურ იზოლატორში. სტერილური ცხოველების მიღება შესაძლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნაყოფი დაბადებამდე სტერილური იყო. ბუნებრივ პირობებში დაბადების შემდეგ ყველა ცხოველსა და ადამიანს მიკროფლორა (ნმფ) აქვს. მასპინძლის ცხოველმოქმედებისათვის ამ მიკროორგანიზმების მნიშვნელობის გამოსარკვევად ატარებენ შედარებით ცდებს ჩვეულებრივ და სტერილურ ცხოველებზე. სტერილური ცხოველების თავისებურებათა ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს იმუნიტეტის ფორმირების, ბაქტერიების განსაზღვრული სახეობების ცვალებადობის, საჭმლის მონელების, ინფექციური პროცესებისა და სხვათა შესასწავლად, როდესაც ნმფ არ არსებობს.
გნოტობიოლოგიის მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბუნებრივ პირობებში ორგანიზმებისა და ნმფ-ის სიმბიოზი უზრუნველყოფს მასპინძლის ორგანიზმს ვიტამინებით, ამინომჟავებით, საჭმლის მომნელებელი ფერმენტებით და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 565-566.