სტაფილოკოკური ინფექცია
სტაფილოკოკური ინფექცია — ინფექციურ დაავადებათა ჯგუფი, რომელსაც იწვევს სტაფილოკოკების სხვადასხვა სახეობა, რომელთაგან ყველაზე მეტ პათოგენურობას ავლენს ოქროსფერი სტაფილოკოკი (Staphylococcus aureus). დაინფიცირება შესაძლებელია ავადმყოფებთან და სტაფილოკოკური ინფექციის მატარებლებთან კონტაქტით, საყოფაცხოვრებო ნივთების მეშვეობით, ჰაერწვეთოვანი და საკვებისმიერი გზებით. სტაფილოკოკური ინფექციისთვის დამახასიათებელია კლინიკური გამოვლინებების მრავალფეროვნება - ადგილობრივი ანთებითი პროცესებიდან დაწყებული (ე.წ. კეროვანი ინფექცია) სეფსისით დამთავრებული. კეროვან ინფექციებს შორის ჭარბობს კანისა და ლორწოვანი გარსების დაზიანებები, როგორც ზედაპირული (ფოლიკულიტი, ფურუნკული და სხვ.), ასევე ღრმა (ჰიდრადენიტი, ფლეგმონა, აბსცესი). სტაფილოკოკებს შეუძლიათ დააზიანონ სასუნთქი და შარდ-სასქესო გზები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი (საკვებისმიერი ტოქსიკოინფექციები და სხვ.), გული (მიოკარდიტი, ენდოკარდიტი) და სხვ. სტაფილოკოკური ინფექცია არის ქრონიკული ინტოქსიკაციისა და სხეულის ტემპერატურის ხანგრძლივი ზომიერი მომატების, ე.წ. სუბფებრილიტეტის მიზეზი. სტაფილოკოკის სხვა სახეობები (ეპიდერმული და საპროფიტული), რომლებიც ადამიანის ნორმალური მიკროფლორის წარმომადგენლები არიან, იმუნიტეტის დასუსტების შემთხვევაში შესაძლოა პათოგენურები გახდნენ. მკურნალობა დამოკიდებულია სტაფილოკოკური ინფექციის კლინიკურ გამოვლინებებზე (ანტიბიოტიკები, სპეციფიკური იმუნოპრეპარატები, ჰემოსორბცია, პლაზმაფერეზი; ქირურგიული მკურნალობა და ანთების კერის დრენირება სტაფილოკოკური ინფექციის ლოკალიზებული ფორმების დროს და სხვ.).[1]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Богомолов Б. П. Стафилококковая инфекция // Большая российская энциклопедия. т. 31. — М., 2016. — стр. 205.