სსრ კავშირის საბჭოების V ყრილობა

სსრკ საბჭოების V ყრილობა (რუს. V Всесоюзный съезд Советов) — სსრ კავშრის საბჭოების რიგით მეხუთე ყრილობა, მიმდინარეობდა 1929 წლის 20-28 მაისს მოსკოვში. ესწრებოდა 1675 დელეგატი გადამწყვეტი და 884 სათათბირო ხმით. მათ შორის მუშა 56,4%, გლეხი 24,8%, მოსამსახურე 18,8%.

დღის წესრიგი: სსრკ მთავრობის საანგარიშო მოხსენება (ა. რიკოვი); სახალხო მეურნეობის განვითარების I ხუთწლიანი გეგმა (გ. კრიჟანოვსკი), მრეწველობის განვითარების გეგმის შესახებ (ვ. კუიბიშევი). სოფლის მეურნეობის აღმავლობისა და სოფლად კოოპერატიული მშენებლობის შესახებ (მ. კალინინი); სსრკ ცაკის არჩევნები.

ყრილობამ მოიწონა საბჭოთა მთავრობის საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ღონისძიებები, მიმართული ქვეყნის ინდუსტრიალიზაციისა და სოფლის მეურნეობის სოციალისტური რეკონსტრუქციის სწრაფი ტემპების უზრუნველყოფისაკენ; დაავალა მთავრობას მაქსიმალური ყურადღება მიეპყრო კულტურული საკითხებისადმი და მიეღწია სავალდებულო დაწყებითი სწავლების განხორციელებისათვის, წერა-კითხვის უცოდინარობის ლიკვიდაციისათვის, საერთო და პროფესიულ-ტექნიკური განათლების დონის ააღლებისათვის, მშრომელთა რიგებიდან გამოსული სპეციალისტებისა და სამეცნიერო კადრების მომზადებისათვის. ყრილობამ მიღებული ხუთწლიანი გეგმა დაახასიათა, როგორც „სახალხო მეურნეობის სოციალისტური რეკონსტრუქციის გაშლილი პროგრამა“. აღინინშნა, რომ სოფლის მეურნეობის აღდგენა ძირითადად დამთავრდა, მაგრამ სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგის ზრდის ტემპი (განსაკუთრებით მარცვლეულის) შენელებულია. სოფლის მეურნეობის განვითარებაში არის შეუსაბამობა მრეწველობასთან, რაც სოციალისტური გარდაქმნების გზაზე სერიოზულ დაბრკოლებებს ქმნის. საბჭოთა ორგანოებს და მთავრობას დაევალათ მხარი დაეჭირათ სოფლების კოლექტიურ მეურნეობაზე გადასვლისათვის, დაეძლიათ კულაკების წინააღმდეგობა. ამასთან ერთად, უნდა გატარებულიყო ღონისძიებანი ინდივიდუალურ, ღარიბ და საშუალო მეურნეობათა აღმავლობისათვის. მოიწონეს ცაკის დადგენილებები ერთიანი სასოფლო-სამეურნეო გადასახადის შესახებ, მოსავლიანობის ზრდის თაობაზე, ღონისძიებანი საბჭოთა მეურნეობის დაკოლმეურნეობების განმტკიცებისათვის; დაისახა ღონისძიებანი საკოლმეურნეო მოძრაობის გაშლისათვის.

ყრილობამ აირჩია სსრკ-ის ცაკი 889 კაცის შემადგენლობით (587 წევრი და 302 კანდიდატი). კავშირების საბჭში შევიდა 451 კაცი და 239 კანდიდატი, ეროვნებათა საბჭოში — 136 წევრი და 63 კანდიდატი.

ლიტერატურა

რედაქტირება