სრულიად რუსეთის საბჭოების XV ყრილობა
მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოების სრულიად რუსეთის XV ყრილობა (რუს. XV Всероссийский съезд Советов Рабочих, Крестьянских и Солдатских Депутатов) — სრულიად რუსეთის საბჭოების რიგით მეთხუთმეტე ყრილობა, მიმდინარეობდა 1931 წლის 26 თებერვალი - 5 მარტს მოსკოვში. ესწრებოდა 1134 დელეგატი გადამწყვეტი და 538 სათათბირო ხმით. გადამწყვეტი ხმის დელეგატებს შორის იყო 802 რკპ (ბ) წევრი, 33 კომკავშირელი, 299 უპარტიო. სოციალური შემადგენლობა: 610 მუშა, 317 გლეხი, დანარჩენი — მოსამსახურე.
ისტორია
რედაქტირებადღის წესრიგი: რსფსრ მთავრობის საანგარიშო მოხსენება (დ. სულიმოვი); რსფსრ კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ (ა. კისელიოვი); საყოველთაო სწავლება და მასობრივი სკოლის პოლიტექნიზაცია (ა. ბუბნოვი); მოხსენება სამომხმარებლო კოოპერაციის მდგომარეობისა და ამოცანების შესახებ (ი. ზელენსკი); ყრილობის სამანდატო კომისიის მოხსენება (მ. შკირიატოვი); სრულიად რუსეთის ცაკისა და სსრკ ცაკის ეროვნებათა საბჭოს წევრთა არჩევნები.
ყრილობამ შეაჯამა ხუთწლედის პირველი 2 წლის შედეგები. ეკონომიკურმა მიღწევებმა ამ პერიოდში განაპირობა სოციალისტური მშენებლობის დაჩქარებული ტემპი. მთავრობას დაევალა განსაკუთრებული ყურადღება გამოეჩინა ქვეყნის აღმოსავლეთში მეორე მეტალურგიული ბაზის მშენებლობისა და საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობების მშენებლობის შემდგომი გაფართოებისადმი. დიდი ადგილი დაეთმო ავტონომიური რესპუბლიკებისა და ოლქების დაჩქარებული ეკონომიკური და კულტურული განვითარების საკითხებს, რათა ისინი დასწეოდნენ ამ მხრივ რუსეთის ცენტრალურ რაიონებს. ადმინისტრაციულ ცვლილებებთან დაკავშირებით რსფსრ კონსტიტუციაში შეიტანეს ზოგიერთი დამატება. განათლების სახალხო კომისარიატის მოხსენების გამო ყველა საბჭოთა და სამეურნეო ორგანიზაციას დაევალა ბრძოლა საყოველთაო დაწყებითი განათლებისათვის, სკოლების პოლიტექნიზაციისათვის, წერა-კითხვის უცოდინარობის სრული ლიკვიდაციისათვის.
ყრილობამ აირჩია სრულიად რუსეთის XV მოწვევის ცაკი 400 წევრი და 5 წარმომადგენელი სსრკ ცაკის ეროვნებათა საბჭოში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 530.