სრულიად რუსეთის საბჭოების V ყრილობა

მუშათა, გლეხთა, წითელარმიელთა და კაზაკთა დეპუტატების საბჭოების სრულიად რუსეთის V ყრილობა (რუს. V Всероссийский Съезд Советов Рабочих, Солдатских, Крестьянских и Казачьих Депутатов) — სრულიად რუსეთის საბჭოების რიგით მეხუთე ყრილობა, მიმდინარეობდა 1918 წლის 4-10 ივლისს მოსკოვში. ესწრებოდა 1164 დელეგატი გადამწყვეტი ხმით, მათ შორის 773 ბოლშევიკი, 353 მემარცხენე ესერი, 17 მენშევიკი, 4 ანარქისტი, 4 მენშევიკ-ინტერნაციონალისტი, 2 ეროვნული ჯგუფის წარმომადგენელი, 1 მემერჯვენე ესერი, 10 უპარტიო.

დღის წესრიგი: სრულიად რუსეთის ცაკისა (ი. სვერდლოვი) და სახკომსაბჭოს (ვ. ლენინი) ანგარიშები; სასურსათო საკითხი (ა. ციურუპა); სოციალისტური წითელი არმიის ორგანიზაცია (ლ. ტროცკი), რსფსრ-ის კონსტიტუცია (ი. სტეკლოვი); სრულიად რუსეთის ცაკის არჩევნები.

ყრილობაზე მემარცხენე ესერების ლიდერები (მ. სპირიდონოვა, ბ. კამკოვი, ვ. კარელინი, და სხვა.) გამოვიდნენ მოწოდებით უარი ეთქვათ დეკრეტზე სასურსათო დიქტატურისა და ღარიბკომების ორგანიზაციის შესახებ, შეეწყვიტათ ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულება გერმანიასთან. მათი ეს მოთხოვნები უარყვეს და 5 ივლისს მოიწონეს საბჭოთა მთავრობის საგარეო და საშინაო პოლიტიკა. მემარცხენე ესერების გამოსვლა დამთავრდა აჯანყებით მოსკოვში (6-7 ივლისი), რომლის ჩახშობაში მონაწილეობდა ყრილობის ბოლშევიკური ფრაქცია. 6 ივლისს შეწყდა სხდომები. მემარცხენე ესერების ფრაცია დააპატიმრეს, თუმცა ნაწილი (200 კაცი) დაბრუნდა ყრილობაზე და დაგმეს ეს გამოსვლა. 9 ივლისს ყრილობამ განაახლა მუშაობა, მოიწონა მთავრობის მოქმედება და დაავალა საბჭოების გაწმენდა იმ ესერებისაგან, რომლებიც მხარს უჭერდნენ თავიანთ ცკ-ს ანტისაბჭოთა პოლიტიკის განხორციელებაში, მოიწონეს აგრეთვე რუსეთის ცაკისა და სახკომსაბჭოს სასურსათო პოლიტიკა, დეკრეტები ბურჟუაზიასთან ბრძოლის საქმეში სურსათის სახალხო კომისარიატისათვის საგანგებო უფლებათა მინიჭებისა და სოფლის ღარიბკომებისა და სასურსათო რაზმების შექმნის შესახებ. 10 ივლისს დამტკიცდა რსფსრ-ს კონსტიტუცია, რომელიც ძალაშ შევიდა 19 ივლისს.

ყრილობამ აირჩია სრულიად რუსეთის V მოწვევის ცაკში 200 წევრით.

ლიტერატურა

რედაქტირება