ბელფასტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 52:
ბელფასტის ერთ-ერთი უძველესი შენობაა პალადიური ვილის სტილში აგებული კლიფტონ-ჰაუსი (1774, არქ. რ. ჯოი, რ. მილნას პროექტის მიხედვით). დიდი საზოგადოებრივი შენობების უმრავლესობა ვიქტორიულ ეპოქაში აიგო: ორანჟერეა ქალაქის ბოტანიკურ ბაღში (ლითონისა და მინის კონსტრუქციის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიმუში, 1839–40), ტიუდორული გოტიკის სტილში აგებული დედოფლის უნივერსიტეტი (1845–49), პრესვიტერიანული კოლეჯი (1852–53), საბაჟოს შენობა ნეორენესანსის სტილში (1854–57) — ყველა არქ. ჩ. ლანიონის მიერ; ნავსადგურის კანტორა (1891–95, არქ. უ. გ. ლინი); ოპერის თეატრი (1894–95, არქ. ფ. მაჩემი), რომელიც ნეობაროკოს თავისებურად უხამებს ინდური ხელოვნების მოტივებს მაყურებელთა დარბაზში; ნეობაროკოს რატუშა (1896–1906, არქ. ა. ბრამუელ-ტომასი) და წმინდა ანას ნეორომანული ტაძარი (დაიწყო 1898 წელს ტ. დრუს პროექტის მიხედვით, დასრულდა 1986 წელს). ვიქტორიანულ სტილში გადაკეთდა (1870) აგრეთვე XII საუკუნის ციხესიმაგრე (ბურგი). 1920-იან წლებში აშენდა ოლსტერის მუზეუმის (1929), პარლამენტისა (1927–32, არქ. ა. ტორნლი; „ნეოპალადიანობის“ გვიანდელი ნიმუში დასავლეთ ევროპულ არქიტექტურაში) და დედოფლის სასამართლოს (1929–33) შენობები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აიგო ჰოსპიტალი (1953-დან, არქ. ფ. გიბერდი), სინაგოგა (1961–64) და სხვ.
 
სახელმწიფო უნივერსიტეტებია: დედოფლის [„Queenʼs“; ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი; მისი ისტორია იწყება 1845 წლიდან, როგორც სამეფო კოლეჯისა, რომელიც 1850 წელს გახდა ირლანდიის დედოფლის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფილიალი, ხოლო 1879 წელს გადაკეთდა დედოფლის უნივერსიტეტად; 1908 წელს მისი გაყოფის შემდეგ წარმოიქმნა დედოფლის და ირლანდიის უნივერსიტეტები; ეს უკანასკნელი — დუბლინში], ოლსტერის [დაარსდა 1968 წელს როგორც ოლსტერის ახალი უნივერსიტეტი; ახლანდელი სახელი ეწოდება 2014 წლიდან; სათავეს იღებს კოლეჯ „Magee“-დან ქალაქ ლონდონდერიში (1845) და ხელოვნებისა და დიზაინის სკოლიდან (1849)]. ქალაქშია ასევე დედოფლის აკადემიური ინსტიტუტი (1810); კოლეჯები: ბიბლიის (1943), მეტროპოლიტენის [შეიქმნა 2007 წელს ბელფასტის განგრძობითი და უმაღლესი განათლების ინსტიტუტისა და კოლეჯ „კასლრეის“ გაერთიანების შედეგად (ჩრდილოეთ ირლანდიაში უდიდესების)]; ბიბლიოთეკები: ცენტრალური (1888), „Linen Hall“ (1788) და სხვ.; ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული მუზეუმი და გალერეა [ახლანდელი სახელი და სტატუსი მიიღო 1998 წელს; შეიქმა ოლსტერის მუზეუმის (დაარსდა 1821 წელს, გაიხსნა 1833 წელს, მოიცავდა სამხატვრო გალერეასაც; ახლანდელ შენობაშია 1929 წლიდან, რომლის ფართობი 8 ათასი მ²-ია; ეროვნული მუზეუმის სტატუსი მიიღო 1961 წელს; წარმოდგენილია დასავლეთევროპული და ირლანდიური ხელოვნების, ბოტანიკური, ზოოლოგიური და ეთნოგრაფიული კოლექციები), ოლსტერის სახალხო შემოქმედებისა და ტრანსპორტის მუზეუმისა (1967) და ღია ცის ქვეშ განთავსებული მუზეუმის „ოლსტერ-ამერიკული სახალხო პარკი“ (1976; ქალაქ ომასთან ახლოს) გაერთიანების შედეგად]; თეატრები: ოპერის თეატრი „Grand Opera House“ (1895), დრამატული თეატრი „Lyric Theatre“ (1951); მეტროპოლიტენის ხელოვნების ცენტრი „თეატრი მაკ და გალერეა ბ.“ (2012; მის შემადგენლობაშია 2 თეატრალური დარბაზი, 3 სამხატვრო გალერეა, საცეკვაო სტუდია და სხვ.). ოლსტერის სიმფონიური ორკესტრი (1966). ფილარმონია (1874; გუნდით). საკონცერტო დარბაზი „Ulster Hall“ (1862), კონცერტცენტრი და საკონცერტო დარბაზი „Waterfront Hall“ (1997). მრავალფუნქციური კომლექსები „Kingʼs Hall“ (1934) და „The SSE Arena“ (2000–01; 11 ათასი ადგილი). ყოველწლიურად ტარდება მუსიკალური კონკურს-ფესტივალი (1908 წლიდან) და კინოფესტივალი (1995 წლიდან). ბოტანიკური ბაღი დაარსდა 1828 წელს, ხოლო ზოოპარკი  — 1934 წელს.
 
სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა ფეხბურთი. ბელფასტში ბაზირებულია 4 პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი: „ლინფილდი“ (1886; ჩრდილოეთ ირლანდიის 51-გზის ჩემპიონი; საშინაო სტადიონი  — „უინძორ პარკი“, 1905, რეკონსტრუქცია 1996 და 2015 წლებში; 20 ათ. ადგილი), „გლენტორანი“ (1882; ჩრდილოეთ ირლანდიის 23-გზის ჩემპიონი; სტადიონი  — „ოვალი“, 1892, რეკონსტრუქცია 2000 წელს; 26,5 ათ. ადგილზე მეტი), „კლიფტონვილი“ (1879; ჩრდილოეთ ირლანდიის 5-გზის ჩემპიონი; სტადიონი  — „სოლიტიუდი“, 1890, რეკონსტრუქცია 2000-იან წლებში; 6,2 ათ. ადგილი), „კრუსადერსი“ (1898; ჩრდილოეთ ირლანდიის 5-გზის ჩემპიონი; სტადიონი „სიივიუ“,
1921, რეკონსტრუქცია 2011 წელს; 3,4 ათ. ადგილი). 1982 წლიდან ყოველწლიურად იმართება ბელფასტის მარათონი.
 
XX საუკუნის მეორე ნახევარში ბელფასტის ეკონომიკა ნელი ტემპებით ვითარდებოდა, მკვეთრი დაჩქარება მოხდა 1998 წელს ბელფასტის შეთანხმებით კონფესიათა შორის დამყარებული მშვიდობის შემდეგ. 2000-იანი წლების შუა ხანებიდან ეკონომიკის ზრდის ტემპით ბელფასტი ბრიტანეთის 30 უმსხვილეს ქალაქს შორისაა, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებით მხოლოდ ლონდონს ჩამორჩება. მშპ ერთ სულ მოსახლეზე 48,3 ათასი ევროა (2014). ქალაქის ეკონომიკის საფუძველია მომსახურების სფერო; მისი წამყვანი სექტორებია: ადმინისტრაციული, ფინანსური, სატრანსპორტო-ლოგისტიკური და საქმიანი მომსახურებები, ვაჭრობა, სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები, განათლება, ჯანდაცვა და ტურისტული ბიზნესი. ბელფასტის საზღვაო პორტის ტვირთბრუნვა 23 მილიონი ტონაა (2014), მგზავრთბრუნვა  — 1,5 მილიონი მგზავრი [მათგან დაახლ. 1,4 მილიონი ბორნებით გადაიყვანეს ქალაქებამდე კერნრაიანი და ლივერპული (დიდი ბრიტანეთის კულძული) და კულძულ მენამდე, 112 ათასი  — საკრუიზო ხომალდებით]. ბელფასტში გამოიცემა დღეისათვის არსებული მსოფლიოში ყველაზე ძველი ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი „The News Letter“ (1737 წლიდან). ქალაქის უმთავრეს სამუშაოს მიმცემ ორგანიზაციებს შორისაა საავადმყოფოები: დედოფალ ვიქტორიას (1779; ტრავმატოლოგიის, ნეიროქირურგიისა და ოფთალმოლოგიის მსოფლიოში ცნობილი ცენტრი), საქალაქო საავადმყოფო (1841; სისხლისა და ონკოლოგიური დაავადებების, აგრეთვე თირკმლის ტრანსპლანტაციის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში), „Musgrave Park“ (1920; ორთოპედია, რევმატოლოგია და სპორტული მედიცინა; ამავე სახელის პარკის რაიონში, გაიხსნა 1924 წელს). ბელფასტს წელიწადში სტუმრობს 9 მილიონზე მეტი ტურისტი; ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 700 მილიონ დოლარამდეა.
 
1970-იანი წლებიდან მრეწველობაში 100 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი გაუქმდა. უპირატესი განვითარება ჰპოვა მრეწველობის მაღალტექნოლოგიურმა დარგებმა: ავიასარაკეტო-კოსმოსური [საწარმოები: კანადური კომპანია „Bombardier“ — ავიაძრავებისა და საავიაციო ტექნიკის სხვა კომპონენტების წარმოება (დაახ. 5 ათასი დასაქმებული) და ფრანგული „Thales Group“ — საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და რაკეტები (600 დასაქმებული)], ელექტრული (კომპანიები: „Schrader Electronics“, „Andor Technology“, „Kainos Group“ და იაპონური „Fujitsu“; სულ 5 ათასამდე დასაქმებული; პირველის შტაბ-ბიტა განთავსებულია ქალაქ ანტრიმში, დანარჩენისა — ბელფასტში), ფარმაცევტული (ბრიტანულ-შვედური კომპანია „AstraZeneca“, ჰონგ-კონგური „Europharm Laboratories Co.“, „Ivex Pharmaceuticals“, „Kiel Pharma“; ამ უკანასკნელის შტაბ-ბინა მდებარეობს ბელფასტის ჩრდილო-აღმოსავლეთ გარეუბან კარიკფერგუსში), კოსმეტიკური (კომპანია „Caraderm“ — პროდუქცია ხავსებისა და ზღვის წყალმცენარეებისაგან) და ენერგეტიკული მანქანათმშენებლობა (კომპანია „FG Wilson“ — დიზელისა და აირის გენერატორები). განვითარებულია პლასტმასის ნაკეთობების წარმოება (კომპანია „Brett Martin“). ტრადიციული დარგებიდან თავისი მნიშვნელობა შეინარჩუნა გემთმშენებლობამ [ვერფები: „Harland and Wolff“ (1861), მისი სტაპელებიდან „ტიტანიკის“ გარდა ჩაეშვნენ ოკეანური ლაინერები „ოლიმპიკი“ (1911), „ბრიტანიკი“ (1915) და სხვ.; ფუნქციონირებს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მშრალი დოკი საზღვაო გემების რემონტისათვის] და კვების პროდუქტების მრეწველობამ (ხორცის გადამუშავება კომპანიების „Hilton Food Group“-ისა და „Moy Park“-ის ქარხნებში; ეს უკანასკნელი შედის ბრაზილიური „Marfrig“-ის სტრუქტურაში). აღსანიშნავია ასევე კომბინირებული საკვებისა და სასუქების (კომპანია „W & R Barnett“; შტაბ-ბინა — ბელფასტში) და საჯიშე თესლების მრეწველობა (კომპანია „Germinal“). საფეიქრო, სამკერვალო და თამბაქოს მრეწველობა დაცემას განიცდის. ბელფასტისა და მისი შემოგარენის ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს თბოელექტროსადგური „Kilroot“ (სიმძლავრე 660 მეგავატი; იყენებს ქვანახშირს, მაზუთსა და ბიომასას).
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბელფასტი“-დან