სოსო ფანგანის საცხოვრებელი სახლი

არქიტექტურული ძეგლი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სოსო ფანგანის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელში. სოსო ფანგანის საკუთრებაში არსებული კოშკი და მისი მიმდებარე საცხოვრებელი კომპლექსი სოფელი იელის მჭიდროდ განაშენიანებულ და ფართო ტერასებად დაყოფილ უბანში მდებარეობს.

ფერდობის შედარებით მოსწორებულ ტერიტორიაზე შეფენილი ნაგებობები აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძზე წაგრძელებულ არქიტექტურულ კომპლექსს ქმნის, რომლის დასავლეთ კიდურა მხარეს შუა საუკუნოვანი კოშკია ჩადგმული, ხოლო კოშკს აღმოსავლეთ ფასადის მხრიდან ერთმანეთის მიყოლებით, სხვადასხვა დროს აგებული, სამი საცხოვრებელი სახლია აღმართული.

კომპლექსის ნაგებობათა ზურგის მხარე (ჩრდილოეთი) სოფლის შარაგზაზე გამოდის, წინა მხარე (სამხრეთი) ხეობისაკენ პირმიქცეულ ვრცელ ეზოს ეთმობა. კოშკის აღმოსავლეთ ფასადზე უშუალოდ მიდგმული საცხოვრებელი სახლი, დარბაზ-მაჩუბის სტრუქტურით არის აგებული. ის ნაგებია ნატეხი ქვით კირ-დუღაბზე, ფასადები შელესილი იყო კირით, რომლის უმეტესი ნაწილი ჩამორეცხილია. გადახურვისთვის გამოყენებულია ყავარი, რომელიც დაზიანებული და ზოგ ადგილას თუნუქის საბურავებით არის გამაგრებული.

საცხოვრებელი სახლის სამხრეთ ფასადის პირველი სართული გომურის მომცრო, კვადრატული სარკმლებით არის დატიხრული, ხოლო მეორე სართულის მაღალი და ფართო, სწორკუთხა კარ-სარკმლის ხის კარითა და დარაბებით გამოხურული ღიობები ხის აივანზე გამოდიოდა; აივანი ამჟამად აღარ არსებობს. აღმოსავლეთ ფასადის ორივე სართულზე კარია გაჭრილი, პირველი სართულის ამ მომენტში მორღვეულია. სამხრეთ და აღმოსავლეთ ფასადზე შეინიშნება მცირე ზომის ბზარები, მაგრამ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩრდილოეთი კედელია, რომლის დასავლეთი კუთხე კედლის წყობიდან მოწყვეტილია და ჩამოშლის პირასაა. სამწუხაროდ ინტერიერის ნახვა ვერ მოხერხდა. სოსო ფანგანის საცხოვრებელი კომპლექსი მაღალი ურბანული და კოშკის შემთხვევაში მაღალი მხატვრული ღირებულების ნაგებობისაგან შედგება. შედარებით გვიან აგებული საცხოვრებელი სახლი საკმაოდ მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს მთლიანი შუასაუკუნოვანი არქიტექტურული ქსოვილის აღქმაში. სოსო ფანგანის სახლის კომპლექსისი თითოეული ნაგებობის დაცვა-შენარჩუნება მეტად მნიშვნელოვანია იელის ისტორიული უბნისთვის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38185