სოდევეს კვირაცხოვლის ეკლესია და სამრეკლო

სოდევეს კვირაცხოვლის ეკლესია და სამრეკლო — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სოდევეს განაპირას, ჩრდილოეთით, მთის ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვითა და შირიმის კვადრატებით. სამხრეთიდან გვიანდელი ვიწრო მინაშენი ეკვრის. ეკლესიის სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში სწორკუთხა შესასვლელია. აღმოსავლეთით მცირე სიღრმის საკურთხეველია, რომელიც ქვედა ნაწილში, ადამიანის სიმაღლეზე, სწორკუთხაა, ხოლო ზემოთ, კუთხეების თანდათანობით შევსებით, ნახევარწრიულ ფორმას იღებს. საკურთხეველს მთელს პერიმეტრზე საფეხურები შემოუყვება. საკურთხეველში მცირე ზომის თაღოვანი სარკმელი და ორი პატარა თაღოვანი ნიშია. სარკმლის ქვემოთ ქვით ნაგები სწორკუთხა ტრაპეზი დგას. მსგავსი ნაგებობაა ჩრდილოეთ ნიშის ქვემოთაც. სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიის თავდაპირველი ქვის კამარა ჩამოშლილია.

რემონტის დროს ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესია რკინაბეტონის ორფერდა სახურავით გადაუხურავს. მინაშენი ეკლესიაზე ოდნავ უფრო გრძელია და აღმოსავლეთით მრუდე კედელითაა დასრულებული. მინაშენის დასავლეთ ნაწილში გამოყოფილია პატარა კვადრატული კარიბჭე, რომლის აღმოსავლეთ კედელში ორი, დასავლეთისაში კი ერთი სწორკუთხა ნიშია. კარიბის შესავლელი სამხრეთიდანაა. მისგან ამჟამად მხოლოდ აღმოსავლეთის წირთხლია შემორჩენილი. ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხესთან დგას ნატეხი ქვით ნაგები სამრეკლო . სამრეკლოს I სართული კამაროვანი გასასვლელია, რომლის კედლის გვერდებში თითო კარია მოწყობილი. II სართული კუბური ფორმის, დადაბლებული პროპორციების ფანჩატურია. აღმოსავლეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ კედელში თითო, სამხრეთ კედელში კი ორი ვიწრო თაღოვანი ღიობი აქვს. გარედან სამრეკლოს სართულებს სამშენებლო ნაკერი გამოყოფს. შემორჩენილია სამრეკლოზე ჩრდილოეთიდან მიშენებული, გაურკვევლი დანიშნულების სადგომის ნაშთი.

ლიტერატურა

რედაქტირება