სიმონ ადამის ძე ხმალაძე (დ. 1885, ქ. ახალციხე, — გ. 11 დეკემბერი, 1937) — ქართველი ბოლშევიკი სამხედრო მეთაური.

1904 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა (ბოლშევიკური) პარტიის წევრი. რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს იყო ბაქოს წითელი გვარდიის რაზმის მეთაური. რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ სათავეში ედგა ბაქოს საბჭოთა ბატალიონს. მონაწილეობდა ანტონ დენიკინის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის სამოქალაქო ომის დროს (1919-1920), რუსეთ-პოლონეთის ომში (1920), საქართველოზე თავდასხმაში (1921, თბილისის ოპერაციის დროს მეთაურობდა ჯავშნოსან მატარებელს). საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, მ. შ. იყო საქართველოს სსრ მუშურ-გლეხური მილიციის სამმართველოს უფროსი (1931-1933), ქალაქ ლენინგრადის და ლენინგრადის ოლქის მილიციის უფროსის თანაშემწე (1933-1935), რიაზან-ურალის რკინიგზის დაცვის უფროსი (1937). 1937 წლის რეპრესიების დროს დააპატიმრეს კონტრრევოლუციური საქმიანობის, ძარცვისა და მკვლელობის ბრალდებით. დახვრიტეს. დაჯილდოებული იყო რუსეთის სფსრ წითელი დროშის (ორგზის), საქართველოს სსრ წითელი დროშის, ამიერკავკასიის სფსრ შრომის წითელი დროშის ორდენებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველი რევოლუციონერები რუსეთში = Грузинские Револуционеры в Росссии : ნარკვევები რუსეთის რევოლუციური მოძრაობის ქართველ მოღვაწეებზე / აკ. ირემაძე ; რედ.: ვ. ქარუმიძე. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამ-ბა , 1981. — გვ. 341-347.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება