სიმონ ფადეევი
სიმონ ანდრეის ძე ფადეევი (რუს. Семен Андреевич Фаддеев; დ. 21 ივლისი, 1835 — გ. 14 თებერვალი, 1909) — რუსეთის იმპერიის არმიის ინფანტერიის გენერალი (1906).
სამხედრო სამსახურში იყო 1854 წლიდან. მონაწილეობდა ლაშქრობებში კავკასიელი მთიელების წინააღმდეგ და რუსეთ-თურქეთის ომში (1877-1878) (თავი გამოიჩინა ყარსის ალყის დროს). 1877-1887 წლებში იყო ქუთაისის 158-ე ქვეითი პოლკის მეთაური, 1890-1898 წლებში — ყარსის ციხესიმაგრის კომენდანტი. შემდგომ წლებში თანმიმდევრობით მეთაურობდა მე-14 ქვეით დივიზიას (1898-1901), მე-6 საარმიო კორპუსს (1901-1902) და მე-2 კავკასიურ საარმიო კორპუსს (1902-1905). მინიჭებული ჰქონდა გენერალ-მაიორის (1887), შემდეგ გენერალ-ლეიტენანტის (1896) და ინფანტერიის გენერლის (1906) წოდებები. 1905 წლიდან იყო ბაქოს დროებითი გენერალ-გუბერნატორი. დაჯილდოებული იყო ალექსანდრე ნეველის, წმ. ვლადიმერის, წმ. სტანისლავის, წმ. ანასა სხვადასხვა ხარისხის ორდენებით, წმ. გიორგის III ხარისხის ორდენით და ოქროს იარაღით „მამაცობისათვის“.
გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ნეკროლოგის თანახმად: „ფადეევს არა ერთი გამოკვლევა დაუბეჭდია საქართველოს და კავკასიის შესახებ... ყოველთვის თანაგრძნობით ეკიდებოდა ქართველებს და ეროვნებათა თანასწორობის მომხრე იყო“.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- Волков С. В. Генералитет Российской империи. Энциклопедический словарь генералов и адмиралов от Петра I до Николая II. Том II. Л—Я. М., 2009.