სია დასავლეთისა
სია დასავლეთისა, სი-სია — სახელმწიფო, რომელიც X საუკუნის დასასრულს შექმნეს ტიბეტურ-ბირმულმა ტომებმა მინიამ (ტანგუნებმა) ახლანდელი ჩინეთის პროვინციების განსუსა და შენსეს დასავლეთ ნაწილში. 982 წელს მინიამ დაიწყო წარმატებითი ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის ჩინეთის სუნის იმპერიის წინააღმდეგ, რომელმაც სიას დამოუკიდებლობა ფაქტობრივად აღიარა1006 წელს. სია დასავლეთის გამგებლის იუან-ხაოს (1032-1048) დროს ხმარებაში შემოიღეს ორიგინალური დამწერლობა (გამოიგონა ელი ჟენიუნმა), რომელიც ამჟამად ცნობილია სი-სიას, ანუ ტანგეტური დამწერლობის სახელით. 1227 წელს სია დასავლეთისა მონღოლებმა დაიპყრეს. დამპყრობნი სასტიკად გაუსწორდნენ დამარცხებულებს. ვინც გადარჩა, მოგვიანებით ტიბეტელებს, მონღოლებსა და ჩინელებს შეერწყა. XVI-XVII სს. მიჯნაზე სი-სიას დამწერლობა დავიწყებას მიეცა. 1909 წელს პ. კოზლოვმა ხარა-ხოტოს ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა წიგნები და ხელნაწერები სი-სიას ენაზე. მათ ამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს მრავალი ქვეყნის მეცნიერებმა, მათ შორის, საბჭოთა სწავლულმა ნევსკიმ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 318.