სიაუში
სიაუში — XVI საუკუნის მეორე ნახევრისა და XVII საუკუნის დასაწყისის ქართველი მხატვარ-მინიატიურისტი. მოღვაწეობდა სეფიანთა ირანის სამეფო კარზე.
ბიოგრაფიული ცნობები სიაუშის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ძალიან მწირია. მისი სპარსეთში მოხვედრისა და შემდგომი ბედის შესახებ ძირითად ცნობებს გვაწვდის XVII საუკუნის ირანელი ისტორიკოსი ისქანდერ მუნშის თავის თხზულებაში „ქვეყნის დამამშვენებელი ისტორია აბასისა“. აღნიშნული წყაროს მიხედვით, სიაუში, სავარაუდოდ, ბავშვობაში გაიტაცეს და XVI საუკუნის 50-იან წლებში შაჰ-თამაზის კარზე მოხვდა. შაჰმა შენიშნა მისი განსაკუთრებული ნიჭი და სამეფო კარის სამხატვრო სახელოსნოში მიაბარა. სწორედ აქედან იწყება სიაუშის სამხატვრო კარიერა.
ისკანდერ მუნშის მიხედვით, სიაუში, თავის ძმასთან ერთად წარმატებით აგრძელებდა მოღვაწეობას მომდევნო შაჰების კარზეც. შაჰ აბას I-ის მეფობის პერიოდში ის იყო უკვე არა იმდენად მხატვარი, რამდენადაც სახელმწიფო მოხელე. სიაუშის ქართული სახელი უცნობია. იგი გარდაცვლილა 1610-1616 წლებს შორის. უცნობია მისი დაკრძალვის ადგილიც.
ქართველი მხატვრის მიერ შექმნილი სპარსული მინიატურები დღეს მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებსა და კერძო კოლექციებს ამშვენებს საფრანგეთში, აშშ-ში, რუსეთში, შვეიცარიაში, გაერთიანებული სამეფოში, თურქეთში, ეგვიპტეში და სხვ. მათი უმეტესი ნაწილი კი ირანშია თავმოყრილი.
საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება სიაუშის ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევრის „შაჰის შევარდენის“ ასლი. არშიაზე სპარსული წარწერაა: „სიაუშის ხელობა“. ორიგინალი დაცულია სანქტ-პეტერბურგის მ. სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნონეშვილი ალ., ქართული კულტურა უცხოეთში : 100 მოღვაწე და ძეგლი, თბ., 2017, გვ. 66
- სიაუში (სიაუშ ბეგ გურჯი), 100 ქართველი უცხოეთში, თბ., 2011, გვ.262-263