სიათის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სიათაში, მთაზე. ეკლესიას აგრეთვე აქვს კოშკი და მინაშენი. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ეკლესია და კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით, ალაგ-ალაგ გამოყენებულია ფიქალი. გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორკუთხა საკურთხევლით, რომლისგანაც მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხეა შემორჩენილი. კედლების სიმაღლე 1,5 მ, ზოგან უფრო ნაკლებს აღწევს. ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია პილასტრის ქვედა ნაწილი. ნაოთხალი შესასვლელი დასავლეთი კედლის სამხრეთ ნაწილშია დატანებული.

ეკლესიას სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან მინაშენები ჰქონდა. აქედან სამხრეთ მინაშენის მხოლოდ დასავლეთი ნაწილია გადარჩენილი, დასავლეთი მინაშენი კი ეკლესიას მთელ სიგანეზე გაუყვება. ორივე მინაშენი ნაოთხალი შესასვლელებით უკავშირდება კოშკს, რომელიც ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეშია მიშენებული.

კოშკი შემორჩენილია სამი სართულის დონეზე. იგი გეგმით კვადრატს უახლოვდება. პირველი სართული ამოვსებულია მიწითა და ჩამონაშალი ქვით. მეორე და მესამე სართულის სამხრეთ კედელში წყვილი, სწორკუთხა სათოფურია, ხოლო აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი.

ტექნიკური მდგომარეობა 1983 წელს: შემორჩენილია სართულშუა გადახურვის ძელის ბუდეები. ეკლესიაში და კოშკში მიწის დონე ძლიერ აწეულია. ამოსულია უამრავი მცენარე. ტერიტორია სავსეა ჩამო-ნაშალი ქვით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 170-171