სერგო ევლახიშვილი (რეჟისორი)

სერგო სერგოს ძე ევლახიშვილი (დ. 6 თებერვალი, 1924, თბილისი, — გ. 10 ივლისი, 2004, მოსკოვი) — რეჟისორი, მსახიობი. საქართველოს (1967) და რუსეთის (1997) ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

მამამისი იყო ოპერის მომღერალი სერგო ევლახიშვილი. დაამთავრა თბილისის კინოსტუდიასთან არსებული კინომსახიობთა სასწავლებელი (1942), მოსკოვის ვახტანგოვის სახელობის თეატრთან არსებული ბ. შჩუკინის სახელობის თეატრალური სასწავლებელი (1950), ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი (1955). 1954 წლიდან იყო მოსკოვის ვ. კომისარჟევსკაიას სახელობის თეატრის რეჟისორი და მსახიობი. გადაღებულია ფილმებშიც. 1960 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის მთავარ რეჟისორად. გადაიღო ქართული სატელევიზიო ფილმები: „გამზრდელი" (1961), „ექიმი მიდის ფეხბურთზე" (1962), „ანკესი და სეინერი" (1962), „მე თვითონ" (1966), „მიხაი ზიჩი" (1967, უნგრელ რეჟ. ი. მატესთან ერთად) და სხვ.

1968 წლიდან ცხოვრობდა და მუშაობდა მოსკოვში. 1968-1971 წლებში იყო ცენტრალური ტელევიზიის ფერად გადაცემათა სტუდიის მთავარი რეჟისორი, 1971-1987 წლებში — ცენტრალური ტელევიზიის ლიტერატურულ-დრამატული პროგრამების მთავარი რედაქციის რეჟისორი. დადგა ტელესპექტაკლები, გადაიღო ფილმ-სპექტაკლები და ფილმები, მ. შ. „ჰამლეტი" (1970, ფილმ-სპექტაკლი), „პოეტის დაბადების დღე" (1973), „ოდესღაც კალიფორნიაში", „მარტინ იდენი" (ორივე 1976), „გრძელი დღეების თვე" (1978), „რისხვა" (1979), „ტროპინინები" (1984), „რევოლუციისათვის მოწოდებული" (1986), „პორტრეტი" (1987) და სხვ. 1987–2004 წლებში იყო მოსკოვის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის მუშაკთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ინსტიტუტის საეკრანო ხელოვნების კათედრის პროფესორი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება