სერაფიმე პოლოლიკაშვილი

სერაფიმე ალექსანდრეს ძე პოლოლიკაშვილი (დ. 1870, ქ. ქუთაისი, — დ. 1918, დაბა მახინჯაური) — ქართველი მოქანდაკე.

წარმომავლობით იყო მესხეთიდან ქუთაისში გადმოსახლებული კათოლიკური აღმსარებლობის წვრილვაჭართა ოჯახიდან. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. ბევრს მოგზაურობდა, ერთხანს მეზღვაურადაც იმუშავა. სამხატვრო განათლება ოდესაში მიიღო. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ქუთაისში მხატვარ-რეტუშორად მუშაობდა, ჩუქურთმებით და დეკორაციული ფიგურებით ამკობდა შენობათა ფასადებს ქუთაისში, მოგვიანებით ბათუმშიც. 1897 წელს შექმნა შოთა რუსთაველის სკულპტურული პორტრეტი (ბიუსტი), რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. პერიოდულად თანამშრომლობდა იაკობ ნიკოლაძესთან. 1900-იან წლებში პარიზში გაემგზავრა, თუმცა მატერიალური შეჭირვების გამო სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო და უკან დაბრუნდა. 1917 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბათუმში. საცხოვრებელი შენობების ფასადების მორთულობების გარდა, პოლოლიკაშვილს ეკუთვნის ასევე ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების ეკლესიაში განთავსებული „ლურდის ღვთისმშობლის“ და „საფლავად დადებული მაცხოვრის“ ქანდაკებები, ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ფასადის ორნამენტი. 1918 წელს მხატვრულად გააფორმა „ფესენკოს აგარაკი“ მახინჯაურში. 1918 წლის აპრილში დაატყვევეს ბათუმში შემოჭრილმა თურქებმა და დახვრიტეს მდ. აჭარისწყლის პირას 40-ზე მეტ ქართველ ტყვესთან ერთად.

ლიტერატურა

რედაქტირება