სახლი (გვარი)
სახლი — გვარის აღმნიშვნელი უძველესი ქართული ტერმინი. წარმოიქმნა პირველყოფილი თემური წყობილების წიაღში. ადრინდელი კლასობრივი და შუა საუკუნეების ხანის სხვადასხვა მონაკვეთში მნიშვნელობას იცვლიდა, ახასიათებდა პოლისემნტიკა, კერძოდ, ამ ტერმინით აღინიშნებოდა:
- ტერიტორიული თემი;
- ფეოდალური საგვარეულო და სამეფო დინასტია;
- სამეფო რეზიდენცია და სამეფო დომენი
- ტერიტორიულ-ადმინისტრაციურლი ერთეული;
- საცხოვრებელი ნაგებობა.
გვაროვნული წყობილების ხანიდანვე სახლს დაუკავშირდა ისეთი სოციალურ-პოლიტიკური ტერმინები, როგორებიცაა; დიასახლისი (გვარის უფროსი ქალი), მამასახლისი (გვარის უფროსი მამაკაცი), სახლისწული, სახლისკაცი, სახლისშვილ, მსახური, სახლეული (გვარის წევრთა სხვადასხვა კატეგორია).
გვაროვნული საზოგადოების გვიანდელ საფეხურზე სახლი აღნიშნავდა ტერიტორიულ თემს, რომელსაც განაგებდა მამასახლისი (ან „სახლის უფალი“). ასეთი სახლის უფროსებს ქართლის სამეფოს წინა ხანაში ლეონტი მროველი თავადებს (ე.ი. გამგებლებს) უწოდებს. მათ შორის ყველაზე უფროსი ყოფილა მცხეთელი მამასახლისი — „რეცა თავადი მცხეთას“, რომელსაც ექვემდებარებოდნენ სხვა მამასახლისები. ამრიგად, მეფობის წინა ხანაში (ძვ. წ. II საუკუნამდე) ქართლი წარმოადგენდა სახლების (ე. ი. ტერიტორიული თემები) კრებულს. ისინი შემორჩა კლასობრივი საზოგადოების ხანაშიც. ადრინდელი ფეოდალური ხანის ქართული წერილობით ძეგლებში მოხსენიებული არიან ამ სახლების გამგებელი მამასახლისები (ატენელი მამასახლისი, მარადელნი მამასახლისი, ქართლის მამასახლისი და სხვა).
შუა საუკუნეების საქართველოში სახლი უმთავრესად ფეოდალურ საგვარეულოს ან სამეფო დინასტიას აღნიშნავდა. ფეოდალური საგვარეულოს უფროსი იყო გვარის მამასახლისი (ანუ თავადი — გამგებელი), ისევე, როგორც მეფე-სამეფო დინასტიის მამასახლისი. ამავე პერიოდში „სახლი სამეუფო“ სამეფო რეზიდენციას აღნიშნავდა. შუა საუკუნეებში ზოგჯერ სახლი ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულსაც ეწოდებოდა. სახლი დაერქვა აგრეთვე იმ შენობას, სადაც ცხოვრობდა გვარი, ხოლო იმ ტერიტორიას, სადაც გვარი მკვიდრობდა, ეწოდა სასახლე (შემდეგ სახელწოდება „სასახლე“ თვით შენობაზე გავრცელდა).
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 1, ტფ., 1928 (თხზ., ტ. 6, თბ., 1982);
- შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 256.