საჭირნახულო
საჭირნახულო — ოჯახის გაყრისას ნაამაგარი პირისათვის მეტი შრომისა და გარჯის ასანაზღაურებლად განკუთვნილი განსაკუთრებული წილი გასაყოფ ქონებაში გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. საჭირნახულოდ პირს შეეძლო მოეთხოვა ის ქონება, რაზედაც იგი „ჭირნახული“ იყო (ყმა, მიწა, განსაზღვრული ნივთი), ან სხვა სახის ანაზღაურება მიეღო. გარდა გაყრისა, საჭირნახულოს მიცემის საკითხს სასამართლოც წყვეტდა სადავო ქონებაზე გაწეული შრომისათვის (მაგ., მიწაზე დავისას — ბაღ-ვენახის გაშენებისათვის, ყმაზე ან ნაგებობაზე გაწეული ხარჯებისათვის და სხვა). გაწეული შრომისა თუ ხარჯის შეფასებისა და საჭირნახულოს ოდენობის განსაზღვრისათვის საქმის მცოდნე პირებს იწვევდნენ.
წყარო
რედაქტირება- ვახტანგ VI-ის სამართალი, გვ. 103, 246, წგნ.: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 1, თბ., 1963
ლიტერატურა
რედაქტირება- კეკელია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 225.